ბელგიაში COVID19-ზე ვაქცინაციის დაწყებას მარტიდან ვარაუდობენ. კრიზისის ცენტრის სპიკერი, პროფესორი ვან გუხტი აცხადებს, რომ დღესდღეობით აქტიურად მიმდინარეობს რამდენიმე ვაქცინის გამოცდა.
„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ პირველი შედეგები რამდენიმე თვეში იქნება. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით განვითარდება, ვაქცინა იქნება ეფექტიანი და უსაფრთხო, მაშინ ბელგიაში COVID19-ის ვაქცინა ადრეულ გაზაფხულზე დაიწყება. პირველად ვაქცინას მიიღებენ რისკჯგუფში მყოფი ადამიანები და ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლები, რომლებიც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში წინა ხაზზე იმყოფებიან. ვაქცინაციის დაწყების შემდეგ შეზღუდვების ეტაპობრივად მოსახსნელად გარდამავალი ეტაპი გამოცხადდება, მაგრამ გაზაფხულამდე გვაქვს ზამთარი.
ვირუსი არსად წასულა. მას ხასიათი არ შეცვლია და არის ისეთივე როგორც მარტსა და აპრილში იყო, მაგრამ შეიცვალა კონტექსტი და ჩვენ კორონავირუსზე გაცილებით მეტი ვიცით, ვიდრე გაზაფხულზე. მეორე ტალღის შესახებ პროგნოზი მაისში გაკეთდა. ყველა რესპირატორული ვირუსი სწრაფად ვრცელდება დახურულ სივრცეში. ტემპერატურის კლება არის ვირუსის ისევ სწრაფად გავრცელების და ყოველდღიური შემთხვევების მატების ერთ-ერთი მიზეზი“, - აღნიშნავს პროფესორი ვან გუხტი.
ბრიუსელში კოვიდტესტირების 3 საველე ცენტრი გაიხსნა. ამ ეტაპზე დღეში 9000 ადამიანს უტარდება COVID-ზე ტესტი, პანდემიის დაწყებიდან დღემდე კი ბელგიაში 4 მლნ ასეთი ტესტი ჩატარდა. სულ აღრიცხულია 222,253 შემთხვევა. 19 ოქტომბრის მონაცემებით, 2485 საავადმყოფოშია მოთავსებული. 412 ინტენსიურ განყოფილებაშია. 195 პაციენტია ხელოვნურ სუნთქვაზე.
imedinews.ge