ბელგია წითელი ზონიდან შესულ პირებზე სავალდებულო კარანტინს აწესებს. ხელისუფლებამ ეპიდემიოლოგების რჩევით და ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად გადაწყვიტა ეს ზომა მესამე ტალღის თავიდან ასაცილებლად მიეღო. კრიზისის ცენტრში განაცხადეს, რომ მგზავრობამდე სავალდებულოა სპეციალური ფორმის შევსება, 10-დღიანი კარანტინის პირობების დაცვა და ბელგიაში შესვლიდან მეშვიდე დღეს კორონავირუსზე ტესტის ჩატარება. თუ მეშვიდე დღეს ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითი იქნება, მაშინ კარანტინის რეჟიმი წყდება. დადებითი პასუხის შემთხვევაში პაციენტი აგრძელებს სახლის პირობებში ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნას.
ექსპერტებმა განაცხადეს, რომ საშობაოდ და წინასაახალწლო დღეებში ბევრი მაინც აპირებს მოგზაურობას და ეს დიდ რისკთან არის დაკავშირებული. ბელგიას მესამე ქვეყნებთან საზღვარი ჩაკეტილი აქვს. ქვეყანაში შესვლა მხოლოდ ბელგიის მოქალაქეებისთვის, რეზიდენტებისთვის გადაუდებელი საჭირობის დროს არის ნებადართული.
სავალდებულო კარანტინი ძალაში 18 დეკემბრიდან შედის და წლის ბოლომდე იმოქმედებს.
ბელგიას ევროპის კონტინენტზე თითქმის ყველა ქვეყნისთვის წითელ ზონის სტატუსი აქვს მინიჭებული, რაც იმას ნიშნავს, რომ კარანტინის და ტესტის გარეშე საშობაოდ მოგზაურობა შეუძლებელი იქნება.
ბელგიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 1,957 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 121 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge