ბაზარზე პირველი ქართული ხელნაკეთი ბუზის საკლავი გამოჩნდა. "შოლტი," - ასე ჰქვია ქართული წარმოების ბუზის საკლავს, რომლის სატესტო ვერსია სარეალიზაციოდ ბაზარზე რამდენიმე დღის წინ გამოვიდა. ესაა პირველი ქართული, ხელნაკეთი და საავტორო ბუზის საკლავი, რომელიც დამზადებულია ნატურალური ქართული ტყავისგან და აკაციის ხისგან, რომელიც არის ხელით დამუშავებული, შეკერილი, არ შეიცავს ზეთს,ლაქს და სხვა ქიმიურ საშუალებებს.
როგორც "კომერსანტს" "შოლტის" წარმომადგენელმა განუცხადა, სატესტო ვერსია 5 ერთეულს შეადგენდა და მან დიდი ინტერესი და პოზიტივი გამოიწვია მომხმარებელში. დაინტერესდნენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი მომხმარებლები. იმის გამო, რომ დაინტერესება და მოთხოვნა დიდი აღმოჩნდა, შოლტი საახალწლოდ ბაზარზე მსხვილ პარტიას ჩაუშვებს. პროდუქტი იქნება წინასაახალწლო განწყობით გაფორმებული.
ცნობისთვის, "შოლტის" თითოეული ბუზის საკლავი ექსკლუზიურია და მზადდება ერთი ცალი. მისი ღირებულება 55 ლარს შეადგენს.
ქართული წარმოების ბუზის საკლავი ორი დიზაინერის, მარიამ მინდორაძისა და ბექა შარაშენიძის, ერთობლივი მუშაობით იქმნება. ერთობლივი მუშაობით იქმნება.
კომპანიის წარმომადგენლის განმარტებით, განსაკუთრებულ ინტერესს, პოზიტივსა და მოწონებას მომხმარებელში იწვევს "შოლტის" ერთი დეტალი: ხელნაკეთ ბუზის საკლავზე დატანილია ერთი ნახვრეტი, რომელიც ბუზს გადარჩენის ერთ შანსს აძლებს. პროდუქცია ვიზუალურად ნახეთ ფოტოკოლაჟში:
ავტორი: ბელა გელაშვილი