მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო ექსპრესის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლაშა ნიკოლაიშვილმა რადიო „კომერსანტის“ ეთერში განაცხადა, რომ პარლამენტში განსახილველადაა შესული პროექტი მიკრობანკების შესახებ.
ლაშა ნიკოლაიშვილის მოსაზრებით, მიკრობანკების სახით ბაზარზე დამატებით ახალი სუბიექტი გაჩენა, კომკურენციას გაზრდის და ბაზარზე საპროცენტო განაკვეთებს შეამცირებს.
„ძალიან კარგი ახალი პროექტი უნდა იქნას განხილული მიკრობანკების შესახებ, რომელიც კონკურენციას უფრო გაზრდის და პროცენტების კლებას შეუწყობს ხელს. პროექტი პარლამენტშია გატანილი და იმედი მაქვს, რომ მალე დამტკიცდება. მიკრობანკების სახით ბაზარზე დამატებით ახალი სუბიექტი გაჩნდება“, — განაცხადა ლაშა ნიკოლაიშვილმა.
მისი თქმით, ამ მომენტში მიკრო ბანკად გადაკეთების პერსპექტივა „რიკო ექსპრესს“ არ აქვს. თუმცა, მომავალში არაფერს გამორიცხავს.
ლაშა ნიკოლაიშვილმა ისიც თქვა, რომ მოგების გადასახადის 15-დან 20%-მდე გაზრდა საპროცენტო განაკვეთის ზრდას არ გამოიწვევს და ეს უბრალო სპეკულაციაა.
„თუ დღეს ერთი ფინანსური ინსტიტუტი გადაწყვეტს, რომ 5%-იანი მოგება საპროცენტო განაკვეთის გაზრდით დააკომპენსიროს, ბაზარზე დიდი კონკურენციაა და, ამით კლიენტებს დაკარგავს. ამიტომ არ მგონია, რომ ბანკებმა საპროცენტო განაკვეთი გაზარდონ. მოგების გადასახადის 15-დან 20%-მდე გაზრდა ტექნიკურად მინიმალურ ცვლილებას მოიტანს და ეს ბაზარზე დიდ ცვლილებას არ გამოიწვევს“, - განაცხადა ლაშა ნიკოლაიშვილმა რადიო „კომერსანტის“ დილის ეთერში.