„ლოკოკინების ნახევარფაბრიკატების ქარხნის შენობა უკვე დასრულებულია“, - ამის შესახებ შპს „ნადი გრუპის“, ლოკოკინების ფერმის ხელმძღვანელმა მერაბ ნადარაიამ განაცხადა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები ხელსაწყო-დანადგარების შეძენაზე მიმდინარეობს, სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლოს კი, წარმოება დაიწყება.
ცნობისთვის, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელახალ ხიბულაში ლოკოკინების ფერმა„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში აშენდა. ეს არის ევროპული ჯიშების ლოკოკინები, რომელთა გამრავლებაც საქართველოში ხდება.
როგორც მერაბ ნადარაია ამბობს, ლოკოკინების ნახევარფაბრიკატების დიდი ნაწილი ექსპორტზე გავა, თუმცა, ადგილობრივ ბაზარზეც მოთხოვნის შესაბამისი ოდენობით გამოჩნდება.
„საქართველოს ბაზარი ნელ-ნელა ეჩვევა ამ კულტურას. სამწუხაროდ, ტურიზმის კლების გამო, ლოკოკინების მიმართ ინტერესი ცოტა შენელდა რესტორნებიდან და მაღაზიებიდან. თუმცა, იმედია, დამთავრდება თუ არაპანდემია, ისევ იფეთქებს ტურიზმი და ჩვენს პროდუქტზეც მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზრდება.
რაც შეეხება ნახევარფაბრიკატების ქარხანას, მშენებლობა უკვე დასრულებულია. ახლა ხელსაწყო-დანადგარებზე ვმუშაობთ მომწოდებლებთან. ვარჩევთ და ვფიქრობთ, რომ ზაფხულში, დაახლოებით, აგვისტოს ბოლოს წარმოება უკვე დაიწყება. პროდუქტი ძირითადად ექსპორტზე გავა, თუმცა ადგილობრივ ბაზარზეც გამოჩნდება იმ მოცულობით, როგორიც იქნება მოთხოვნა“, - ამბობს მერაბ ნადარაია.
ცნობისთვის, საქართველო იმ ქვეყნების ნუსხას დაემატა, საიდანაც ევროკავშირის ბაზარზე ლოკოკინების ექსპორტი დაშვებულია.
ევროპის ბაზარზე ქართული ლოკოკინების პირველი პარტია აგვისტო-სექტემბერში გავა. საქართველოში ლოკოკინების პირველი ფერმის - ,,ნადი გრუპის“ დამფუძნებლის მერაბ ნადარაიას ინფორმაციით, ხორცთან ერთად, ევროპაში დიდი მოთხოვნაა ასევე ევროპული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან ლოკოკინების ლორწოზე, რაც მედიკამენტების ასევე კოსმეტიკური საშუალებების დასამზადებლად გამოიყენება. დღეისათვის საქართველოში წლიურად 300 ტონა ლოკოკინა იწარმოება, თუმცა ქვეყანას 3 ათასი ტონის ექსპორტის პოტენციალი აქვს. ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 52 ფერმაა და ყველა მათგანი ევროპულ სტანდარტს 100%-ით აკმაყოფილებს. ფერმერები ,,ნადი გრუპის“ სპეციალისტების მიერ არიან მომზადებული და ზოგიერთმა მათგანმა პროდუქცია უკვე მიიღო.
წყარო: „ბიზნესპრესნიუსი“