ორბელიანის განახლებულ მოედანზე ახალი სავაჭრო ცენტრი „ბაზარი ორბელიანზე“ სრული დატვირთვით 1-ელ დეკემბერს გაიხსნება, მანამდე კი დღეიდან, 18 ნოემბრიდან , “ბაზარი ორბელიანზე“ ორკვირიან სატესტო რეჟიმში იწყებს მუშაობას.
როგორც კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელმა თამარ მესარკიშვილმა “კომერსანტს“ უთხრა, ეს იქნება ტექნიკური გახსნა, რომლის ფარგლებშიც მეიჯარეები შევლენ, ტექნიკას გატესტავენ და ლოგისტიკის საკითხებს მოაგვარებენ.
“ბაზარი ორბელიანზე 18 ნოემბერს იხსნება, თუმცა ეს მხოლოდ ტექნიკური გახსნაა, გახსნაზე არავის არ ვიწვეთ, უბრალოდ სატესტო რეჟიმში გაიხსნება, იქნება დანადგარების და მენიუების დატესტვა. კარი ღია იქნება და მომხმარებელს თუ ენდომება, შემოვა და მოვემსახურებით, თუმცა მაინც სატესტო რეჟიმი იქნება და რესტორნების ნაწილშიც ყველა რესტორანი არ გაიხსნება და ამ ორი კვირის მანძილზე არც სრული მენიუები ექნებათ“, - აღნიშნა თამარ მესარკიშვილმა.
მესარკიშვილი ამბობს, რომ ფართების გაქირავების პროცესი კვლავ მიმდინარეობს, აგრარულ ნაილში 70% გაქირავებულია, ხოლო კვების ჰოლში დაახლოებით 90% არის ათვისებული.
“ბაზარი ორბელიანის“ სივრცეში 35 სხვადასხვა მიმართულების, როგორც ქართული, რეგიონული, ასევე უცხოური რესტორნებია განთავსებული
„ბაზარი ორბელიანზე“ არის უნიკალური და უპრეცედენტო კონცეფცია, როგორც საქართველოს, ასევე მთლიანად რეგიონის მასშტაბით. ობიექტის პირველ სართულზე აგრარული ბაზარი, მეორე სართულზე კვების 35 ობიექტი, ხოლო მესამე სართულზე ღია ტიპის ვერანდაა განთავსებული, საიდანაც ქალაქის ხედები იშლება. „ბაზარი ორბელიანზე“ დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში, 1886 წლიდან არსებული კოლმეურნეობის ბაზრის აღდგენის ახალ კონცეფციას გულისხმობს.
თაკო კვაჭანტირაძე