ყოფილი კოლმეურნეობის მოედნის ბაზრის ტერიტორიაზე ახალი სავაჭრო ცენტრი – „ბაზარი ორბელიანზე“ მოეწყობა. ობიექტმა კადრების შერჩევის პროცესი უკვე დაიწყო და სხვადასხვა პოზიციაზე ვაკანსები ვაკანსიების სატზე jobs.ge გამოაქვეყნა.
როგორც ვაკანსიების აღწერაში ვკითხულობთ, „ბაზარი ორბელიანზე“ არის უნიკალური ადგილი საქართველოსა და მთლიანად რეგიონის მასშტაბით. ეს არის ახალი სივრცე, რომელიც დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში, 1886 წლიდან არსებული კოლმეურნეობის ბაზრის აღდგენის ახალ კონცეფციას გულისხმობს.
„ბაზარი ორბელიანზე“ თანამედროვე ტიპის აგრარული ბაზრისა და კვების ჰოლის ინტეგრაციაა. ეს არ არის ტრადიციული სურსათის მაღაზია ან სუპერმარკეტი. აქ აგრარულ პროდუქტებთან ერთად გაერთიანებულია 35 სხვადასხვა მიმართულების რესტორანი - როგორც ქართული რეგიონალური, ასევე მსოფლიო წამყვანი სამზარეულოები. პროექტი სამ სართულს მოიცავს და მისი ფართობია 10 000 კვ.მ. — ნათქვამია ვაკანსიის აღწერაში.
„კომესანტი“ დეტალების და ობიექტის გახსნის თარიღის დაზუსტებას „ბაზარი ორბელიანის“ ადმინისტრაციასთან შეეცადა, თუმა როგორც გვითხრეს, ობიექტზე რემონტი მიმდინარეობს და ამ ეტაპზე კომენტარებისგან თავს იკავებენ.
თაკო კვაჭანტირაძე