თურქული კომპანია Baykar უკრაინაში დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატების Bayraktar-ის მწარმოებელ ქარხანას ააშენებს. ამის შესახებ თურქეთში უკრაინის ელჩმა ვასილი ბოდნარმა განაცხადა.
როგორც ირკვევა, Baykar-მა უკრაინაში უკვე დააფუძნა შვილობილი კომპანია, შეიძინა მიწის ნაკვეთი და შეიმუშავა ქარხნის პროექტი. კომპანია საკუთარი გეგმების ბოლომდე მიყვანას აპირებს.
ელჩმა დასძინა, რომ უკრაინელი მწარმოებლები, რომლებიც აწარმოებენ ძრავებს, ბორბლებს და სათადარიგო ნაწილებს, ჩაერთვებიან უკრაინაში Bayraktar-ის წარმოებაში.
“ქარხანა აშენდება. სულ რაღაც ერთი კვირის წინ მთავრობამ დაამტკიცა ორმხრივი შეთანხმება ქარხნის მშენებლობაზე და პროექტი პარლამენტს რატიფიცირებისთვის გადაუგზავნა”, – განაცხადა დიპლომატმა.
აღსანიშნავია, რომ თურქეთის პრეზიდენტთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრისას რუსეთის პირველმა პირმა რუსეთში Baykar-ის საწარმოს გადმოტანის იდეა გააჟღერა, თუმცა მალევე მიიღო Baykar Technology-ის გენერალურმა დირექტორის სელჩუკ ბაირაქტარის მტკიცე უარიც, რომელიც იმავდროულად რეჯეფ თაიფ ერდოღანის სიძეა.