რა ეტაპზეა პრემიერის მიერ დაანონსებული, ბახმაროს კურორტის განვითარების პროექტი?
მთავრობამ კურორტ „ბახმაროს" განვითარება პრიორიტეტად მიმდინარე წლის თებერვალში დაასახელა. მაშინ ითქვა, რომ შეიქმნებოდა სპეციალური ჯგუფი, რომელიც კურორტის განვითარების კომპლექსურ ღონისძიებებს დასახავდა მიზნად.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი კურორტების პოტენციალი იქნას ბოლომდე ათვისებული, რადგან ტურიზმი გახლავთ ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი დარგი", - აღნიშნავდა მაშინ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. იმავე პერიოდში გურიის გუბერნატორი აცხადებდა, რომ კურორტის განვითარებას გერმანელი ინვესტორი გეგმავს.
„კომერსანტი" დაინტერესდა რა მდგომარეობაა პრემიერის განცხადებიდან 5 თვის შემდეგ, როდის იწყება „ბახმაროში" სეზონი და რამდენად რეალური აღმოჩნდა გერმანელი ბიზნესმენის კურორტით დაინტერესება?
დღეს გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე ამბობს, რომ კურორტით ბიზნესმენი ინგუ შლუტიერი და მისი ბიზნეს ჯგუფია დაინტერესებული, რომლებიც „ბახმაროში" ივლისის ბოლოს ჩავლენ და 6 თვით დარჩებიან. მისი თქმით, აღნიშნულმა ბიზნეს ჯგუფმა უკვე შეიძინა თოვლმავალი ტექნიკა. სალუქვაძის თქმით, გერმანელ ბიზნესმენთა ჯგუფი იჯარით აიღებს რამდენიმე კოტეჯს, სადაც ზამთრის პერიოდში განთავსდებიან და გაზაფხულამდე დააკვირდებიან ბუნებას, კლიმატს და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას კურორტში ინვესტირებისა და მისი განვითარების შესახებ.
სალუქვაძე ამბობს, რო გერმანელი ბიზნესჯგუფის მიერ ბახმაროს განვითარების სურვილი სავსებით რეალისტურია. ამავდროულად, გურიის გუბერნატორი ამბობს, რომ გერმანელების „ბახმაროში" ყოფნის დროს მოესწრება სახელმწიფოს მიერ ინფრასტრუქტურის მოწყობაც, რაც გახდება საფუძველი იმისა, რომ კურორტით სხვა ბიზნესმენებიც დაინტერესდნენ.
გურიის გუბერნატორი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ბახმაროს" განვითარება პრიორიტეტად დაასახელა, საგზაო დეპარტამენტმა დაიწყო ბახმარომდე მოსასვლელი გზის შესწავლა. ამ ეტაპზე კვლევის სამუშაოები მიმდინარეობს. „საგზაო დეპარტამენტის მიერ ხდება შესწავლა, ზამთრის პერიოდში როგორ უნდა იყოს დაცული მგზავრი და მძღოლი ტრანპორტირებისას. მარტო თოვლისგან გაწმენდა არ შველის, საჭიროა საინჟინრო ნაგებობების აშენება. გარდა ამისა, ენერგეტიკის სამინისტროსთვის დავალებულია გამოიცვალოს ელექტროსადენები. ეს სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. ასევე ხორციელდება მიწის კადასტრის შექმნის სამუშაოები"-აცხადებს სალუქვაძე.
მისი თქმით, როგორც კი სახელმწიფო დაასრულებს ამ სამუშაოებს, ბახმაროს განვითარება აუცილებლად დაიწყება. „ჩემთან საუბარში ყველა აფიქსირებს, რომ დიდი სურვილი აქვთ ბახმაროში მიწა შეიძინონ და იქ კოტეჯები ან სასტუმროები ააშენონ. ინტერესს გამოთქვამენ როგორც უცხოელი, ისე ადგილობრივი ბიზნესმენები. ვინაიდან ეკონომიკის სამინისტრო მიწის კადასტრის სამუშაოებს ახორციელებს, ასე ქაოსურად ნებართვების გაცემა მიზანშეწონილი არ არის. ამიტომ, მათზე მიწებს ვერ ვყიდით. როდესაც მზად იქნება განაშენიანების გეგმა, ამაზე საუბარი უფრო მარტივი იქნება"-აცახდებს სალუქვაძე.
გუბერნატორის თქმით, „ბახმარო" თავისი ჰავით უნიკალურია და მას თავისუფლად შეუძლია იყოს როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის კურორტი. „ის არის სამკურნალო, გამაჯანსაღებელი. რაც ყველაზე მთავარია, კურორტზე უნდა განვითარდეს სამთო-სათხილამურო მიმართულება, ბახმარო ამის შესაძლებლობას ნამდვილად იძლევა,"-აცხადებდა სალუქვაძე.