სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროსთვის“ ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურების პროცესი ჯერ არ დაწყებულა. როგორც „კომერსანტს“ სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ ზარალების განყოფილების უფროსმა ვახო ებიტაშვილმა განუცხადა, სავაჭრო ცენტრის კუთვნილი ქონება მთლიანად „ალდაგში“ იყო დაზღვეული, თუმცა ზარალის ანაზღაურება გამოძიების დასრულებამდე ვერ დაიწყება.
„სააქციო საზოგადოება სავაჭრო სახლ „ბავშვთა სამყაროს“ კუთვნილი ქონება, შენობა-ნაგებობა ჩვენთან იყო დაზღვეული. ხანძრის შედეგად, ტერიტორიას სრული განადგურების კვალიფიკაცია მიენიჭა. ამჟამად მუშა-პროცესი მიმდინარეობს. გამოძიების შედეგებს ველოდებით, რომ ანაზღაურების გაცემაზე მუშაობა დავიწყოთ. ბუნებრივია, სანამ გამოძიების შედეგი არ გვეცოდინება, ამის გარეშე ანაზღაურების გაცემას ვერ დავიწყებ“, - აცხადებს ებიტაშვილი.
მისივე თქმით, სადაზღვევო თანხამ ექვსი მილიონი ლარი შეადგინა და სრული ზარალის შემთხვევაში, ამ თანხას სრულად აანაზღაურებენ.
„გამოძიების შედეგები როგორც კი გვეცოდინება, რამდენიმე კვირის ვადაში ზარალს მთლიანად ავანაზღაურებთ“, - აღნიშნავს ვახო ებიტაშვილი.
მისივე თქმით, მსგავსი რისკების და ზარალის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებისთვის მესამე პირის დაზღვევა სავალდებულო გახდეს.
„სავაჭრო ობიექტები, სასტუმროები, ბენზინგასამართი სადგურები სავალდებულო წესით უნდა იყოს დაზღვეული მსგავსი რისკებისგან, როგორც მესამე პირთა წინაშე პასუხისმგებლობის კუთხით, ასევე საკუთარ ქონებასთან მიმართებაში. ასეთ შემთხვევაში ფინანსური რისკები ყველა მხარისთვის გაცილებით უფრო მცირე იქნება, ვიდრე ისეთ შემთხვევებში, როდესაც ქონება ან პასუხისმგებლობა დაზღვეული არ არის, - აცხადებს ებიტაშვილი.
ხანძარი სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ ტერიტორიაზე 2017 წლის 30 იანვარს გაჩნდა. ცეცხლი მთელ შენობას მოედო და ის მთლიანად დაიწვა. ხანძრის შედეგად ათეულობით ადამიანი დაზარალდა. საქმეზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ამჟამად ძიებას საქართველოს მთავარი პროკურატურა აწარმოებს.
როგორც „კომერსანტს“ მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, გამოძიება კვლავ მიმდინარეობს. უწყებაში სხვა დამატებით დეტალებზე ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ.
ამასთან, შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 27 აგვისტოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე ს.ს. „სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყარო“-ს დირექტორი გ.მ, ხოლო სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე ამავე საზოგადოების შიდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი მ.თ დააკავეს.
ავტორი: თეონა კენჭიაშვილი