ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 5–სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. შემთხვევა თბილისის დროით დაახლოებით 11:00 საათზე მოხდა. ბოლო ინფორმაციით, ნანგრევებში მოყოლილი რამდენიმე ადამიანი მაშველებთან კონტაქტზე გამოვიდა.
ბოლო ინფორმაციით, ნანგრევებში ოცამდე ადამიანია მოყოლილი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები.
დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება. მაშველებს კორპუსის სხვა სადარბაზოების მოსახლეობა აივნებიდან ამწეს გამოყენებით გადმოიყვანეს.
მაშველებმა ნანგრევებში მოყოლილი ავტომობილიდან ერთი არასრულწლოვანი გამოიყვანეს.
მომხდართან დაკავშირებით პირველი ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ნგრევის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, მოხდა სამაშველო და საპოლიციო ძალების მობილიზება, ასევე, ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები.
პირველადი ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. ადგილზე მისვლისთანავე, მეხანძრე-მაშველებმა ჩამონგრეული სადარბაზოს მეზობელი ბინებიდან, ასევე, ნანგრევებში მოყოლილი ავტომობილებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს.
ამ დროისთვის, მიმდინარეობს ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა და აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები. ნგრევის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.
მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ადგილზე უკვე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, მათ შორის ავტოკიბე. დამატებით, ასევე, მობილიზებული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლები. მიმდინარეობს აჭარის მეზობელი რეგიონებიდან დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზება.
შემთხვევის მიმდებარე ტერიტორიაზე, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, შემოსაზღვრულია ტერიტორია. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, ასევე, ადგილზე მყოფ ყველა მედიასაშუალების წარმომადგენელს, დაემორჩილონ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
ნგრევის მიზეზების ოფიციალური ვერსია არ ვრცელდება.