ბათუმში მდებარე კლუბები ხელისუფლებას მიმართავენ. განცხადება ერთ-ერთი ობიექტის New soho–ს ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა.
„მოგესალმებით, მივმართავთ თხოვნით, საქართველოს პრემიერ მინისტრს, საქართველოს ეკონომიკის მინისტრს, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ტურიზმის დეპარტამენტს, აჭარის მთავრობას, ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციას და ჯანდაცვის მესვეურებს!
მოგახსენებთ, რომ ბათუმში, ბულვარის სანაპირო ზოლში, ფუნქციონირებს ობიექტი „სოჰო“, რომელიც ერთ-ერთი საყვარელი დასვენების ადგილია ქალაქის სტუმრებისა და ბათუმელებისათვის. წელს 100-მდე თანამშრომელი, ათობით არტისტი, მომღერალი თუ კოლექტივი და უამრავი ჩვენი სტუმარი, უკვე თვეზე მეტია მოუთმენლად ელის “სოჰოს” ფუნქციონირების განახლებას. მოგმართავთ თხოვნით, დროულად მოგვცეთ ობიექტებს New soho, Sector 26 , MONO HALL Batumi გახსნის უფლება, ჯანდაცვის რეგულაციებით ნებადართული ფორმატით, რესტორნებისა და ღია ტერასებისათვის. მით უმეტეს, რომ უამრავი კლუბი, რესტორანი თუ საფესტივალო-საკლუბო საღამოები უკვე თვეზე მეტია ფუნქციონირებს როგორც თბილისში, თბილისის შემოგარენში, ბათუმსა და მთელს საქართველოში, რაც ჩვენ ძალიან გვიხარია და წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს კოლეგებს. უბრალოდ, ჩვენი სურვილია, მხოლოდ ჩვენ არ ვიყოთ ის გამონაკლისი, რომელიც ამ ისედაც რთულ ეკონომიკურ ვითარებაში, თუნდაც შეზღუდული პერიოდით მუშაობის უფლების გარეშე დავრჩებით. აქვე დავამატებთ, რომ ჩვენი პერსონალის 80% ზე მეტი ვაქცინირებულია.
წინასწარ გიხდით მადლობას და იმედი გვაქვს, გულთან მიტანთ ჩვენი მრავალრიცხოვანი ჯგუფის თხოვნას, გაითვალისწინებთ რთულ ეკონომიკურ სიტუაციას და გვერდზე დაგვიდგებით“ – ნათქვამია განცხადებაში.