ბათუმში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებულია დედა-შვილი. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის განცხადებით, ორივე შემთხვევა იმპორტირებულია.
მისივე თქმით, 40 წლამდე ქალი და 10 წლის მოზარდი თურქეთიდან 5 დღის წინ დაბრუნდნენ. ისინი სარფის საბაჟოდან საკარნტინო ზონაში მოათავსეს, სიმპტომების გამოვლენის შემდეგ კი კორონავირუსზე გამოიკვლიეს.
მათი ყველა კონტაქტი ცნობილია, მეთვალყურეობის ქვეშ ოჯახის კიდევ ორი წევრი იმყოფება. პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. დედა-შვილი კლინიკა „მედალფაში“ არიან მოთავსებულები, სადაც ჯამში 16 პაციენტი მკურნალობს.
ინფიცირებულთა შორის ერთი პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, 6 მათგანს პნევმონია აქვს.
საქართველოში კორონავირუსი 218 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 50 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge