ყაზტრანსგაზის მიერ „ყაზტრანსგაზ თბილისის“ გაყიდვის შემდეგ, მედია კიდევ ერთი ყაზახური აქტივის მფლობელის შესაძლო ცვლილებაზე წერს.
Abctv.kz –ის ცნობით, უკვე არსებობს „ბათუმის ნავთობტერმინალის“ პოტენციური მყიდველი, რომელიც აქტივის შეფასებაზე მუშაობს.
„ამჯერად, მყიდველი უცხო არ არის, ის არის „ყაზმუნაიგაზის“ ერთ-ერთი შვილობილი. ასე რომ ტერმინალი ყაზახეთის ნაციონალური კომპანიის პერიმეტრზე დარჩება, თუმცა, ჯერ ადრეა კონკრეტულად რამის თქმა“,- განაცხადა წყარომ, რომელიც საქმის დეტალებს კარგად იცნობს.
თუმცა კიდევ ერთი წყარო, ამჯერად საქართველოდან, ამბობს, რომ „ბათუმის ნავთობტერმინალის“ მფლობელი შესაძლოა „რომპეტროლი“ გახდეს, რომელიც ბათუმის ტერმინალის და კონსტანცას პორტის დაკავშირებით ნავთობის ტრანზიტის ხაზს ააწყობს.
ბათუმის ნავთობტერმინალს თავის მხრივ, მართვაში აქვს ბათუმის საზღვაო ნავსადგური.
აღსანიშნავია, ისიც, რომ ბოლო პერიოდში ბათუმის ტერმინალი სასუქის, ფოლადისა და რკინის გადაზიდვაზე გადაეწყო. თავდაპირველად ხორბლის და ნავთობის გადაზიდვაზე იყო გათვლილი, თუმცა ყაზახეთი- რუსეთის ნავთობსადენის გახნის შემდეგ, საქართველოს გავლით ნავთობის ტრანზიტი შეწყდა.
მთავრობათაშორის შეთანხმებით, ყაზახურმა მხარემ ბათუმის პორტიდან წელიწადში 6 მლნ ტონა ტვირთის გადზიდვა უნდა მოახდინოს, თუმცა 2015 წლიდან ამ მაჩვენებელთან მიახლოება ძალიან გართულდა.
აღსანიშნავია, რომ ბათუმის ტერმინალის საერთო ტერიტორია მოიცავს დაახლოებით 90 ჰექტარს, რომელზეც განლაგებულია ხუთი სარეზერვუარო პარკი და ნავთომჩამოსასხმელი კომპლექსი.
ნავთობეტრმინალის ძირითადი უპირატესობაა სხვადასხვა სახეობის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შენახვისა და გადატვირთვის მოქნილობა. ტერმინალს შეუძლია გადატვირთოს 22 სახეობამდე ნავთობი და ნავთობპროდუქტი. ბათუმის ნავთობტერმინალს ნავთობი მიეწოდება ვაგონ-ცისტერნებში საქართველოს რკინიგზის მეშვეობით, რომლის დაცლა ხორციელდება თანამედროვე სარკინიგზო ესტაკადებზე.
შეგახსენებთ, ყაზტრანსგაზ- თბილისს ახალი მფლობელი ჰყავს. კომპანიის 100%-იანი წილი ყაზტრანსგაზმა კომპანია ვოლთბეის დაუთმო. გარიგების ღირებულება კონფიდენციალურია. მარშალის კუნძულებზე დარეგისტრირებული კომპანია სი ბი ეს ჯგუფის წევრია.
ყაზახეთში ამბობენ, რომ ეს აქტივი 10 წელია დაემსგავსა ჩემოდანს, რომელიც „ სატარებლად მძიმეა, თუმცა გადასაგდებად გეცოდება“.
GBC