ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია გონიოს სანაპიროზე უნებართვო კონსტრუქციების დემონტაჟს ახორციელებს. როგორც უწყებაში განმარტავენ, კაფე-ბარები, ბუნგალოები და სავაჭრო ჯიხურები - ჯამში 40-მდე ობიექტის დემონტაჟი იგეგმება.
ამ დროისთვის 14 ჯიხური უკვე გატანილია ტერიტორიიდან, 5 ბუნგალო დაიშალა, 4-ის დემონტაჟი კი მიმდინარეობს. ობიექტები სანაპირო ზოლზე სეზონურად მუშაობდნენ და სანებართვო ხელშეკრულებების ვადა სექტემბერში ამოეწურათ.
ობიექტის მეპატრონეები მუნიციპალურმა ინსპექციამ დემონტაჟის დაწყებამდე სამართალდაღვევის შესახებ არაერთხელ გააფრთხილა. ნაწილმა უნებართვო კონსტრუქცია თავად დაშალა, დარჩენილის დემონტაჟი კი ამ ეტაპზე მიმდინარეობს.
სამუშაოების დასრულების შემდეგ სანაპირო ზოლის ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება.