„პანდემიის სიტუაციის განმუხტვას ველოდებით, ამიტომ ამ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოები დაპაუზებულია. სხვა მხრივ გეგმა და დასრულების თარიღი უცვლელია. სატესტო ხიმინჯები გავაკეთეთ და ამის შემდეგ შეჩერება მოგვიწია, თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ მალე განვაახლებთ მუშაობას“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ კომპანია „ბათუმი რივიერას“ დირექტორმა გოგა კაპანაძემ განუცხადა.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია „სილქ როუდ ჯგუფის“ საკუთრებაში არსებული 6 ჰექტარი ფართობზე მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობა. ასევე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 2 ჰექტარი პარკის განაშენიანება, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაშივე დარჩება. ტერიტორია გახდება ბულვარის შემადგენელი ნაწილი და შეუნარჩუნდება რეკრეაციული ზონის სტატუსი. „სილქ როუდ ჯგუფი“ მხოლოდ მის ლანშაფტურ დიზაინს შექმნის. ასევე, პროექტის ნაწილად მოიაზრება 20-წლიანი იჯარით აღებული იახტკლუბის ტერიტორია.
პროექტის თანახმად, ასევე დაგეგმილია საცხოვრებელი და სასტუმრო კომპლექსების მშენებლობა, კეთილმოწყობილი პარკის, განსხვავებული კონცეფციის კაზინოს, 2000 სტუმარზე გათვლილი მულტიფუნქციური კონგრეს ცენტრის მშენებლობა, სადაც შესაძლებელი იქნება სპორტული შეჯიბრებების, კონცერტების, გამოფენების და სხვა ღონისძიებების მოწყობა.
იგეგმება კაფეების, რესტორნების და სხვადასხვა ტიპის დაწესებულებების მოწყობაც. პროექტი რამდენიმეეტაპიანი იქნება და მისი სრულად დასრულება 5 წელიწადში იგეგმება. „ბათუმი რივიერას“ მხარდამჭერია „თანაინვესტირების ფონდი“. პროექტის კიდევ ერთი პარტნიორი კომპანია „ბათუმის იახტ კლუბია“, რომელიც იახტ კლუბის მართვის ვალდებულებას, მინიმუმ, 20 წლის ვადით იღებს. საწყის ეტაპზე, იახტ კლუბში 3 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება იგეგმება, რომელსაც „ბათუმის იახტ კლუბი“ და „სილქ როუდ ჯგუფი“ თანაბრად გაინაწილებენ.
როგორც ცნობილია, „სილქ როუდ ჯგუფმა“ „ბათუმი რივიერის“ პროექტის არქიტექტურულ დიზაინსა და ურბანულ დაგეგმარებაზე ისეთ წამყვან კომპანიასთან იმუშავა, როგორიც არის “Chapman Taylor”.პროექტის კონცეფცია და იერსახე „სილქ როუდ ჯგუფისთვის“ თავიდანვე მნიშვნელოვანი ეტაპი იყო. სწორედ ამიტომ ჩატარდა ტენდერი, რომელშიც 25-მა საერთაშორისო კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. შედეგად, სამუშაოს შესრულება „Chapman Taylor-ს“ დაევალა. კომპანიას გააჩნია 60-წლიანი გამოცდილება და დაჯილდოებულია 250-ზე მეტი საერთაშორისო პრიზით, როგორიც არის MIPIM Awards, International Property Awards, The Global RLI Awards, ICSC European Shopping Center Awards და კიდევ სხვა მრავალი.
ნინო თამაზაშვილი