2021 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 606,7 მილიონი ლარი შეადგინა, მათ შორის ბანკების საკუთრებაში არსებული სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდული პრემია 251 მლნ. ლარს აღემატება. წლებია დაზღვევის ბაზარზე დომინანტური პოზიციები, განსაკუთრებით ავტოდაზღვევის, სიცოცხლის და ქონების დაზღვევის კუთხით, ბანკების საკუთრებაში არსებულ სადაზღვევო კომპანიებს უკავიათ, ამას სტატისტიკაც მოწმობს:
სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემიით „თიბისი დაზღვევა“ ლიდერობს 25.97 მლნ. ლარით, მას მთლიანი წილის 24% უკავია. მეორე ადგილზე „ალდაგია“ 24.25 მლნ ლარით, ხოლო მესამეზე კი „ჯიპიაი“ 16.30 მლნ ლარით.
ქონების დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ 101,1 მილიონი ლარი შეადგინა. დაზღვევის აღნიშნულ სახეობაში ლიდერი „ალდაგია“ 34.43 მლნ. ლარით და მასზე მოზიდული პრემიის 34% მოდის. მეორე ადგილზეა „უნისონი“ 23.10 მლნ. ლარით, ხოლო მესამეზე „თიბისი“ 14.03 მლნ. ლარით.
სიცოცხლის დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ სულ 45,5 მილიონი ლარი შეადგინა. აღნიშნულ დაზღვევაში „თიბისი“ ლიდერობს - კომპანიამ 9 თვეში 22.93 მილიონი ლარი მიიზიდა და ბაზრის 50% დაიკავა. მეორე პოზიციაზე „ალდაგია“ – 12.36 მილიონი ლარით. მესამე ადგილზე კი „იმედი L“ 4.52 მილიონი ლარით.
სადაზღვევო კომპანიების ნაწილი ბანკების მიერ სადაზღვევო ბიზნესების ფლობის კანონის დონეზე შეზღუდვის ინიციატივით არაერთხელ გამოვიდა. ისინი როგორც მთავრობას, ისე პარლამენტს მიმართავდნენ, ცვლილებები შესულიყო „ბანკების შესახებ კანონში“, რათა კომერციულმა ბანკებმა ახალი ლიცენზიების აღება ვეღარ შეძლონ, ხოლო მათ კი, ვინც უკვე ფლობს სადაზღვევო კომპანიებს, მიეცეთ გონივრული ვადა აღნიშნული აქტივი გაასხვისონ. თუმცა პრობლემა დღემდე აქტუალური და მოუგვარებელია.
სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლები წლებია „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებენ, რომ აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა არაერთხელ სცადეს, თუმცა ამ დრომდე გრძელდება ბანკების მიერ საკუთარი მომხმარებლის თავისუფალი არჩევანის შეზღუდვა და მათი იძულება იპოთეკური ან ავტო სესხის აღებისას შეიძინონ მხოლოდ მათთან აფილირებილი სადაზღვევო კომპანიების პოლისები, აღნიშნული განსაკუთრებით მკვეთრად იკვეთება „თიბისი ბანკის“ („თიბისი დაზღვევა“), „ბაზისბანკის“ („ბბ დაზღვევა“) და „საქართველოს ბანკის“ („ალდაგი“, „იმედი L“) მაგალითზე.