„ბანკებით“ სირბილს ურჩევია, „კოკაინს“ შეეშვას,"- ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გიორგი გახარიას მიერ ნარკოტესტის ავსტრიაში ჩაბარების ფაქტი. კობახიძე ეჭვქვეშ აყენებს იმ კლინიკის ობიექტურობას, რომელშიც გახარიამ ანალიზის გაკეთება გადაწყვიტა და განმარტავს, რომ კლინიკა, სადაც გიორგი გახარიამ ნარკოტესტი გაიკეთა, ევროპაში ერთადერთია, რომელსაც პოლიტიკური სკანდალი უკავშირდება.
„მთელ ევროპაში არის ერთადერთი კლინიკა, რომლის სახელსაც უკავშირდება პოლიტიკური სკანდალი სამედიცინო კვლევის გარშემო. ეს არის ძალიან ცნობილი სკანდალი - იუშჩენკოს სკანდალი, როდესაც კლინიკის მთავარი ექიმი გადადგა თანამდებობიდან იმის გამო, რომ მენეჯმენტს დაუპირისპირდა. მენეჯმენტი მას სთხოვდა, კვლევის შედეგების გაყალბებას. ეს არის ერთადერთი პოლიტიკური სკანდალი, რომელიც უკავშირდება ევროპულ კლინიკას და მაინცდამაინც ამ კლინიკაში გააგზავნა საკუთარი „ბანკა“, როგორც თავად ამბობს ხოლმე. ბუნებრივია, ეს ყველაფერზე მეტყველებს. მაინცდამაინც ეს კლინიკა შეარჩია. ასეთი „ბანკებით“ სირბილს ურჩევია, „კოკაინს“ შეეშვას. ეს მისი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი. დღეს ვსაუბრობდით ჯანდაცვის საკითხებზე - მის ჯანმრთელობაზე ჩვენ უნდა ვიზრუნოთ“,- განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, პარტიის - „საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ ნარკოტესტი ვენაში ჩაიტარა. ცოტა ხნის წინ მისმა პარტიამ გამოაქვეყნა კვლევის შედეგი, რომლის მიხედვითაც გიორგი გახარიას მიერ ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება არ დასტურდება.