2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 667,3 მილიონი ლარი შეადგინა, მათ შორის საბანკო საკუთრებაში არსებული სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდულმა პრემია თითქმის 300 მლნ. ლარს უტოლდება.
სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემიით „თიბისი“ ლიდერობს 27.29 მლნ. ლარით, მას მთლიანი წილის 23% უკავია. მეორე ადგილზე „ალდაგია“ 23.28 მლნ ლარით, ხოლო მესამეზე კი „ჯიპიაი“ 19.83 მლნ ლარით.
ქონების დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ კი 108,3 მილიონი ლარი შეადგინა. დაზღვევის აღნიშნულ სახეობაში ლიდერი „ალდაგია“ 40.52 მლნ. ლარით და მასზე მოზიდული პრემიის 37% მოდის. მეორე ადგილზეა „თიბისი“ 17.12 მლნ. ლარით, ხოლო მესამეზე „უნისონი“ 15.96 მლნ. ლარით.
წლებია დაზღვევის ბაზარზე დომინანტური პოზიციები განსაკუთრებით ავტოდაზღვევის და ქონების დაზღვევის კუთხით ბანკების საკუთრებაში არსებულ სადაზღვევო კომპანიებს უკავიათ, ამას ზემოთ მოყვანილი სტატისტიკაც მოწმობს.
სადაზღვევო კომპანიების ნაწილი ბანკების მიერ სადაზღვევო ბიზნესების ფლობის კანონის დონეზე შეზღუდვის ინიციატივით არაერთხელ გამოვიდა. ისინი როგორც მთავრობას, ისე პარლამენტს მიმართავდნენ, ცვლილებები შესულიყო „ბანკების შესახებ კანონში“, რათა კომერციულმა ბანკებმა ახალი ლიცენზიების აღება ვეღარ შეძლონ, ხოლო მათ კი, ვინც უკვე ფლობს სადაზღვევო კომპანიებს, მიეცეთ გონივრული ვადა აღნიშნული აქტივი გაასხვისონ. თუმცა პრობლემა დღემდე აქტუალური და მოუგვარებელია.
სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლები „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებენ, რომ აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა არაერთხელ სცადეს, თუმცა ამ დრომდე გრძელდება ბანკების მიერ საკუთარი მომხმარებლის თავისუფალი არჩევანის შეზღუდვა და მათი იძულება სესხის აღებისას შეიძინონ მხოლოდ მათთან აფილირებილი სადაზღვევო კომპანიების პოლისები, აღნიშნული განსაკუთრებით მკვეთრად იკვეთება „თიბისი ბანკის“ („თიბისი დაზღვევა“), „ბაზისბანკის“ („ჰუალინგ დაზღვევა“) და „საქართველოს ბანკის“ („ალდაგი“, „იმედი L“) მაგალითზე.