ბანკები გადავადებულ პროცენტებს ერთბაშად ითხოვენ?!

ბანკები გადავადებულ პროცენტებს ერთბაშად ითხოვენ?!

access_time2020-08-04 17:00:31

კომერციული ბანკები, საშეღავათო პერიოდის დასრულების შემდეგ, თანხის გადახდას ერთიანად ითხოვენ. ინფორმაცია როგორც ბანკის მსესხებლების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან დასტურდება. ასეთ ვითარებაში ათასობით ოჯახს გაკოტრება ელის.


პირველ ეტაპზე, სამთვიანი საშეღავათო პერიოდი, უგამონაკლისოდ, ყველა კომერციულმა ბანკმა დაუწესა მსესხებლებს. მიზეზი პანდემია და საგანგებო რეჟიმი იყო, რომლის გამოც, მოქალაქეები შემოსავლის გარეშე დარჩნენ . ბანკებისა და მთავრობის ერთობლივი გადაწყვეტილებით, სესხების რესტრუქტურიზაცია მოხდა.


საგანგებო მდგომარეობის ჯერ გახანგრძლივების და შემდეგ დასრულების პარალელურად, ეკონომიკის ამუშავება ვერ მოხერხდა და სექტორების ნაწილი კვლავ დიდი პრობლემების წინაშეა. ამიტომაც ბანკებმა ზაფხულის დასაწყისში საშეღავათო პერიოდი კიდევ ერთხელ გაახანგრძლივეს. ეს დროც უკვე იწურება. საშეღავათო პერიოდის შემდეგ კი, გადახდის ინდივიდუალური რეჟიმის შემუშავების ნაცვლად, ბანკების ნაწილმა გადაწყვიტა, ერთიანად მოეთხოვათ დარიცხული პროცენტი. ეს არის მსესხებლების იმ ერთი ნაწილის ინფორმაცია, რომლებიც პრობლემის ირგვლივ აქტიურად წერენ სოციალურ ქსელში.


გ.ლ., რომელსაც სამომხმარებლო სესხი ,,ვითიბი“ ბანკში აქვს, ჰყვება, რომ სესხის გადახდა მას ბანკმა ერთიანად მოსთხოვა, დარიცხული პროცენტით. მისთვის გაუგებარია, რაში მდგომარეობდა შეღავათი, თუ, ერთი მხრივ, სესხს პროცენტი მაინც დაემატებოდა, მეორე მხრივ კი, მისი გადანაწილება არ მოხდებოდა.


,,ძალიან უცნაურია, რას ნიშნავს ბანკების მხრიდან შეღავათი, თუ ერთიანად მომიწევს ახლა გადახდა, როგორც ეს „ვითიბიმ" მომთხოვა? არც პროცენტის დარიცხვა შეჩერებულა და არც ძირს მოკლებია რაიმე, უბრალოდ, გადაავადეს და ახლა ერთიანად ამოღებას ცდილობენ. უსინდისობისა და ხალხის გატყავების ყველაზე კლასიკური მაგალითია“, - განუცხადა გ.ლ-მ "ბიზნეს-რეზონანსს".


იმავეს ამბობენ სხვა ბანკების მომხმარებლებიც. საკმაოდ ბევრია ამ თემასთან დაკავშირებული გამოხმაურებები სოციალურ ქსელშიც.


მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ინიციატივა კომერციული ბანკების კეთილი ნება იყო, მნიშვნელოვანია მისი კონტექსტი. მაშინ პრემიერი, საგანგებო რეჟიმის პარალელურად, ბიზნესს, რომელიც მოქალაქეებს შეღავათიან პირობებს არ სთავაზობდა, ექსპროპრიაციით ემუქრებოდა სახელმწიფო ინტერესების სასარგებლოდ.


,,ბიზნეს-რეზონანსი“ საბანკო ასოციაციას დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ არც ერთი უკმაყოფილო მსესხებელი მსგავსი პრობლემით ამ დრომდე არ დაკავშირებია. ბანკებს კი, მათი კომერციული საქმიანობის ფარგლებში, უფლება აქვთ, საკუთარი ინტერესისამებრ მოსთხოვონ მომხმარებელს გადახდა, თუ თავიდანვე გააცნეს დეტალური ინფორმაცია პირობებზე.



,,იქიდან გამომდინარე, რომ ზუსტი "კეისების" შესახებ ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია და არ მოუმართავს არც ერთ მსესხებელს მსგავსი პრობლემით, შემიძლია ვისაუბროთ მხოლოდ გადავადებაზე, რომელიც მოხდა ყველა ბანკის მხრიდან იმ პირობებით, როგორც იყო განცხადება გავრცელებული ორივე ეტაპზე. კონკრეტულ შემთხვევებზე, სამწუხაროდ, არ მაქვს ინფორმაცია.


ჩვენ კომერციული ბანკებისაგან, კანონის თანახმად, ვერ მივიღებთ კონკრეტულ ინფორმაციას მსესხებლებზე, მათ კი არ მოუმართავთ ინდივიდუალური საჩივარით ან თხოვნით. ვიცი, რომ გარკვეულ შემთხვევებში იყო ტექნიკური ხარვეზი პროგრამულ უზრუნველყოფასთან მიმართებით.


საერთოდ კი, კომერციული ბანკის დისკრეციაა, როგორ და რა ფორმით მოითხოვს სესხის დაბრუნებას, მაგრამ ეს უნდა იყოს კლიენტისთვის წინასწარ მიწოდებული ინფორმაცია, როგორ და რა ფორმით გადაუვადდათ კრედიტი“, - განუცხადა ალექსანდრე ძნელაძემ "ბიზნეს-რეზონანსს".


კომერციული ბანკები თემასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ, ეროვნულ ბანკში კი აღნიშნავენ, რომ სესხის პირობებისა და ვალდებულებების განსაზღვრა, მათ შორის - შეღავათებიც, მხარეთა შორის შეთანხმების საკითხია.


,,გაცნობებთ, რომ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. შესაბამისად, სესხის გაცემის პირობები, ასევე, ვალდებულებასთან დაკავშირებით გარკვეული შეღავათის გაწევის საკითხი მხარეთა შორის შეთანხმების საგანია.


საქართველოს ეროვნული ბანკი მოკლებულია შესაძლებლობას, რომელიმე ფინანსურ ორგანიზაციას მოსთხოვოს სესხებზე/კრედიტებზე საშეღავათო პერიოდის გავრცელება ან კონკრეტული შეღავათიანი პირობების დაწესება. ამდენად, სესხზე საშეღავათო პერიოდის გავრცელებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს და შეღავათიან პირობებს ადგენს უშუალოდ კრედიტორი - ფინანსური ორგანიზაცია.


აქვე გაცნობებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის №151/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით: „ფინანსურმა ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს მომხმარებლისათვის საფინანსო პროდუქტის პირობების შესახებ უტყუარი, გასაგები და გადაწყვეტილების მიღებისათვის აუცილებელი, წინასწარ ცნობილი და მის ხელთ არსებული სრული ინფორმაციის დროულად მიწოდება. მათ შორის, პროდუქტის ნებისმიერი არხით შეთავაზებისას ხელშეკრულების გაფორმებამდე, რომელიც მომხმარებელს არ უბიძგებს ისეთი გადაწყვეტილების მიღებისაკენ, რომელსაც იგი არ მიიღებდა უტყუარი და სრული ინფორმაციის ფლობის პირობებში.


ამასთან, აუცილებელია, სესხის გამცემმა ორგანიზაციებმა, მათ შორის - კომერციულმა ბანკებმა, დაიცვან „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულების“ ძირითადი პრინციპები“, - განუცხადეს ეროვნულ ბანკში ,,ბიზნეს-რეზონანსს“.


სამაგიეროდ, მწვავე ბრალდებას უყენებს საფინანსო ინსტიტუტებს ანალიტიკოსი ვახტანგ ჭარაია. იგი პირდაპირ ამბობს, რომ კომერციული ბანკები არ ასრულებენ სახელმწიფოსთან დადებულ ხელშეკრულებას და მომხმარებელს ატყუებენ.


„სამწუხაროდ, პროცენტის გადავადების ნაწილში, საქმე გვაქვს ბანკების მხრიდან მომხმარებლების მოტყუების ფაქტებთან. ეს ხდება მასობრივად როგორც დედაქალაქში, ასევე – რეგიონებში. საქმე ის გახლავთ, რომ მოხდა შეთანხმება სახელმწიფოსა და ბანკებს შორის. ბანკებს კლიენტებისთვის უნდა დაეწესებინათ საშეღავათო პერიოდი, რაც გამოიხატებოდა 3-თვიან მორატორიუმში.


ბანკები საქართველოსა და მისი მოსახლეობისთვის ყველაზე რთულ პერიოდში წავიდნენ მხოლოდ იმაზე, რომ სახელმწიფოს პროცენტის გადავადებას დათანხმდნენ, მაგრამ დღეს, რეალურად, ამასაც კი არ ასრულებენ იმ ფორმით, რა ფორმითაც დაჰპირდნენ მოსახლეობას. ბანკებისა და სახელმწიფოს შეთანხმება იყო, რომ პროცენტი, რომელიც უნდა დარიცხვოდა ამ სამი თვის განმავლობაში, კლიენტზე გადანაწილდებოდა დარჩენილი პერიოდის განმავლობაში. მაგალითად, თუ ადამიანს ჰქონდა დარჩენილი 5 წელი სესხის გადახდისთვის, მაშინ იმ 3 თვის თანხა უნდა გადანაწილებულიყო დარჩენილ პერიოდზე. თითოეული კლიენტი უმტკივნეულოდ გადაიხდიდა ამ პროცენტს.


სინამდვილეში, დღეს რას აკეთებენ ბანკები? კლიენტებს ეუბნებიან, მთლიანად უნდა გადაიხადოთ ის პროცენტი, რაც სამი თვის განმავლობაში დაგროვდაო. ხშირ შემთხვევაში, ეს არცთუ ისე მცირე თანხაა. ამას ჰქვია კლიენტების მოტყუება და, წესით, უნდა რეაგირებდეს ცენტრალური უწყება“, - განუცხადა ჭარაიამ ,,ბიზნეს-რეზონანსს“.


http://resonancedaily.com/


თეგები:
ბანკები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up