ბაკურიანში, ყველასთვის კარგად ნაცნობ რეკრეაციულ პარკში ტურისტული ინფრასტრუქტურა 3 წელია ვერ მოეწყო. მუნიციპალური განვითარების ფონდის მეორე მცდელობა კურორტზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყოს — წარუმატებელი აღმოჩნდა.
დანგრეული გზები, ტალახი, დაზიანებული და გაუმართავი ინფრასტრუქტურა წლებია ტურისტებს დისკომფორტს უქმნის. პარკის რეალური სახე ნათლად მაშინ ჩანს, როდესაც კურორტზე თოვლი დნება. თუმცა, ამის მიუხედავად ბაკურიანი თავისი უნიკალური ლანდშაფტის გამო დღემდე ერთ-ერთი პოპულარული ტურისტული დანიშნულების ადგილია.
პარკში არსებული პრობლემების მოგვარება მიმდინარე წლის 12 ივლისს გამოცხადებული ტენდერითაც ვერ მოხერხდა. შესყიდვა, რომლის სავარაუდო ღირებულება 11,4 მლნ ლარია, უარყოფითი შედეგით დასრულდა. ტენდერში მონაწილეობა ორმა კომპანიამ ერთობლივი საწარმომ შპს ჯავა და შპს ინსმა და შპს „სოლკავ ჯორჯიამ“ მიიღეს.
შპს „სოლკავ ჯორჯიას“ სატენდერო წინადადება ჩაითვალა არასრულფასოვნად და შეუსაბამოდ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნასთან მიმართებაში, რადგან ვერ დადგინდა ზუსტი პრეტენდენტი.
ხოლო, ერთობლივი საწარმოს შპს ჯავა და შპს ინსის დისკვალიფიკაციის მიზეზი იყო ის, რომ შემოთავაზებული ფასი მნიშვნელოვნად აღემატება სავარაუდო ღირებულებას და აღნიშნული აქტივობისთვის გამოყოფილ რესურსს.
ტერიტორიის განვითარებას საფუძვლად საოჯახო პარკის კონცეფცია დაედო, რომლის ფარგლებშიც შემუშავდა რამდენიმე აქტივობა, რაც დააკმაყოფილებს ვიზიტორების მოთხოვნებს. ამ კონცეფციის შესაბამისად დაპროექტდა ობიექტები, როგორიცაა საფეხმავლო გზები, ბავშვების სათამაშო მოედნები, ტურისტულ ზონები, პიკნიკის მოსაწყობი არეალები. პარკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ატრაქციას წარმოადგენს საფეხმავლო რამპა, რომელიც მიწის დონიდან იქნება აწეული ჰაერში და მისი მეშვეობით მოხდება კავშირი ქვედა და ზედა დონეებს შორის. ტერიტორიაზე მოეწყობა მცირე ზომის სწრაფი კვების ობიექტი - კაფე, სპორტსმენებისათვის განკუთვნილი გასახდელების შენობა, მოხდება არსებული ფეხბურთის სტადიონისა და ჰოკეის მოედნის დემონტაჟი და მათ ნაცვლად მოეწყობა ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ფეხბურთის, ჰოკეისა და საციგურაო მოედნები, რომელიც სრულად იქნება აღჭურვილი შესაბამისი ინვენტარით. ისეთი აქტივობები, რომელიც არ შეესაბამება საოჯახო პარკის კონცეფციას, როგორიცაა მოტო-ყველგანმავალი სატრანსპორტო საშუალებების რბოლა, ამოღებული იქნება უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე.
აღსანიშნავია, რომ მთავარ დიზაინერულ მოტივად შეირჩა ნატურალური, ბუნებრივი იერის შენარჩუნება მთელი ტერიტორიისათვის. შენობები ძირითადად 2 მასალით — მეტალის ფილებით და ხის პანელებით იქნება დამუშავებული. პროექტით გათვალისწინებულია არსებული ღობის დემონტაჟი და ახალი ლითონის ღობის მოწყობა. ასევე დაგეგმილია ტერიტორიის კეთილმოწყობა და გამწვანება, საინჟინრო ქსელების გაკეთება, გარე განათების, სკამებისა და ნაგვის ურნების მოწყობა. ტერიტორია რამდენიმე მიწის ნაკვეთზე ვრცელდება და ჯამში 75 873 კვადრატულ მეტრს მოიცავს.
ბაკურიანის პარკის ტერიტორიის კეთილმოწყობა საქართველოს მთავრობამ 2018 წელს დაიწყო. პარკის განვითარების მიზნით დეტალური საპროექტო დოკუმენტაცია უნდა მომზადებულიყო, რომლის მიხედვითაც უნდა მოწესრიგებულიყო პარკამდე მისასვლელი გზა. ასევე დაგეგმილი იყო საპარკინგე და საჯარო სივრცის მოწყობა. იგეგმებოდა სპორტული მოედნის, სკამების, განათებს ბოძების, ნაგვის ურნების დამონტაჟება. პროექტით ასევე გათვალისწინებული იყო კომერციული ზონების, კაფეებისა და ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა და არსებული საზოგადოებრივი ტუალეტების რეაბილიტაცია.
ბაჩო ადამია