აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც უკრაინისთვის, დახმარების სახით 40 მილიარდი აშშ დოლარზე მეტის გამოყოფას ითვალისწინებს. კანონპროექტს აშშ-ის სენატის წევრთა უმრავლესობამ მხარი ორი დღის წინ დაუჭირა.
კანონპროექტი ითვალისწინებს აშშ-ის ბიუჯეტიდან 40.1 მილიარდი დოლარის გამოყოფას 2022 ფისკალურ წელს „უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხო ზომების“ უზრუნველსაყოფად. თანხების გამოყოფა მოხდება ამერიკის იუსტიციის სამინისტროს, პენტაგონის, ბირთვული რეგულირების კომისიის, სოციალური სამსახურებისა და ჯანდაცვის სამინისტროს და სხვა უწყებების ფონდების მეშვეობით.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბაიდენს მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის.
„მადლობელი ვარ ჯო ბაიდენის უკრაინისთვის დამატებითი დახმარების შესახებ კანონის ხელმოწერისთვის. პრეზიდენტი ბაიდენისა და ამერიკელი ხალხის ხელმძღვანელობა რუსი აგრესორის წინააღმდეგ უკრაინის ბრძოლის მხარდაჭერაში გადამწყვეტია. ველით ახალ, მძლავრ თავდაცვის დახმარებას. დღეს ის ისე საჭიროა, როგორც არასდროს,“- წერს ზელენსკი „ტვიტერზე“.