1–ელ აგვისტოს ვაშინგტონში აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის და მისი უკრაინელი კოლეგის ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა შედგა. მას წინ კიევისთვის საკმაოდ უსიამოვნო მოვლენები უძღოდა, რომლებმაც უკრაინის და შტატების სტრატეგიული პარტნიორობა ეჭვის ქვეშ დააყენეს. კერძოდ, ბაიდენის ადმინისტრაციამ მოკავშირის პოზიცია არ გაითვალისწინა და გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“–ის შეჩერებაზე უარი განაცხადა, რამაც შესაძლოა უკრაინას წელიწადში $2 მლრდ დააკარგვინოს.
ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში ატმოსფერო არ გააუმჯობესა ასევე ამერიკის ფაქტობრივმა გაქცევამ ავღანეთიდან - ამ ფაქტმა გააჩინა ეჭვები, რომ ვაშინგტონი თვითიზოლაციის პოლიტიკას დაადგა და ის არასანდო საერთაშორისო პარტნიორია.
თუმცა, შეხვედრამ დაადასტურა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ირგვლივ არსებული უთანხმოების მიუხედავად, ამერიკა და უკრაინა მოკავშირეები მაინც რჩებიან.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის ნორმალურ, თუმცა, არა მზიან ატმოსფეროში ჩატარდა.
„მთლიანობაში, შეხვედრა ნორმალური, პროდუქტიული და ზოგჯერ ცივი იყო. ნორმალური კაცური საუბარი“, - განაცხადა მან.
პრეზიდენტის თქმით, ის ფაქტი, რომ დაგეგმილი 45 წუთის ნაცვლად შეხვედრა 2 საათზე მეტი გაგრძელდა, ადასტურებს, რომ მხარეებს დიალოგი აინტერესებთ.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ მოლაპარაკებების დროს დიდი დრო დონბასში შექმნილ მდგომარეობას დაეთმო და უკრაინული მხარე საჭიროდ მიიჩნევს კონფლიქტის დარეგულირებაში ამერიკის ჩართვას.
„ვისაუბრეთ დონბასზე. შევთავაზე სამშვიდობო პროცესში ამერიკის მონაწილეობის სხვადასხვა ფორმატები. ეს საკითხი სამომავლოდ განხილვის თემა გახდება“, - განაცხადა მან.
რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში ამერიკას და უკრაინას შორის ურთიერთობებში ყველა რთული საკითხი იყო - გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“.
„აშშ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“–ის ამუშავების წინააღმდეგია და ამ პროექტს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის საფრთხედ მიიჩნევს. ვაშინგტონი უკრაინის სატრანზიტო როლის შენარჩუნების მომხრეა და ასევე გაზსადენის გეოპოლიტიკურ იარაღად გამოყენებას ყველანაირად შეეწინააღმდეგება. ამისთვის აშშ ენერგეტიკული დიპლომატიის სხვადასხვა ხერხებს და ინსტრუმენტებს გამოიყენებს“, - ნათქვამია პრეზიდენტების ერთობლივ დეკლარაციაში.
გაზსადენის საკითხის გარდა, ერთობლივ განცხადებაში რამდენიმე სხვა საკითხია გამოყოფილი:
აშშ არასდროს აღიარებს რუსულ სუვერენიტეტს ყირიმზე და მხარს უჭერს უკრაინის უფლებას, თავად გაარკვიოს თავისი მომავალი, მათ შორის ნატო-ში წევრობის კუთხით.
აშშ უკრაინას $60 მლნ–ის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს, პაკეტი სხვა საკითხებთან ერთად ტანკსაწინააღმდეგო კომპლექს Javelin-ების მიწოდებას ითვალისწინებს.
აშშ და უკრაინა ითანამშრომლებენ ვაჭრობის საკითხებში იმისთვის, რომ უკრაინულ ეკონომიკაში ამერიკული კომპანიების მონაწილეობა გაიზარდოს.
აშშ უკრაინას კორონავირუსთან ბრძოლისთვის დამატებით, მათ შორის ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს.
ქვეყნების პრეზიდენტების ერთობლივი დეკლარაცია ასევე ეხება ისეთ საკითხებს, როგორც ალტერნატიული ენერგეტიკის განვითარება უკრაინაში, ბრძოლა კორუფციასთან, თანამშრომლობა სასამართლო და სამართალდამცავი სისტემების რეფორმაში და ა.შ.
შეხვედრის დროს ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ მტკიცედ იჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს.