თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ 181 საჯარო ბაღს ახალი კორონავირუსისგან თავის ასარიდებლად დამატებით საპრევენციო ღონისძიებები, საინფორმაციო ბროშურები და რეკომენდაციები გაუგზავნა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ბაღში 10:00 საათის მონაცემებით, 40-65%-იანი დასწრებაა. მათივე ინფორმაციით, როგორც წესი, ეს მაჩვენებელი ყოველდღიურად 40-70%-ის ფარგლებში მერყეობს.
სააგენტოს ცნობით, თითოეულ ბაგა-ბაღში, ბავშვთა ოდენობიდან გამომდინარე, აღსაზრდელების ჯანმრთელობას 1 ან 2 ჯანმრთელობის კოორდინატორი ამოწმებს.როგორც ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში აცხადებენ, ბაღები ამ დროისთვის ყველა საჭირო სადეზინფექციო და ჰიგიენური საშუალებითაა აღჭურვილი.
რაც შეეხება რეკომენდაციებს, ესენია:
მოერიდეთ ახლო კონტაქტს ავადმყოფ ადამიანებთან, ვისაც აღენიშნება ცხელება და ხველა;
ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით, ხოლო მათზე ხელმისაწვდომობის არქონისას გამოიყენეთ სპირტის შემცვლელი ხსნარი;
მოერიდეთ ცხვირზე, თვალსა და პირზე ხელის ხშირ შეხებას;
ხველისა და ცემინებისას აიფარეთ პირსა და ცხვირზე ერთჯერადი ცხვირსახოცი ან მოხრილი იდაყვი;
ჯანმრთელმა ადამიანმა ნიღაბი უნდა ატაროს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უვლის ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულს;
თუ ახველებთ ან აცემინებთ, გაიკეთეთ ნიღაბი;
ნიღბის ტარება ეფექტურია მხოლოდ ხელების ხშირ დამუშავებასთან ერთად სპირტის შემცვლელი ხსნარით ან საპნითა და წყლით;
ნიღბის ტარების შემთხვევაში დაიცავით მისი სწორად მოხმარებისა და გადაგდების წესები;
მიიღეთ თერმულად კარგად დამუშავებული ხორცის პროდუქტები და კვერცხი;
მოერიდეთ დაუცველ ან მჭიდრო კონტაქტს გარეულ ან/და ფერმის ცხოველებთან
ამ რეკომენდაციებს ახლავს ხელების წყლითა და საპნის დაბანის დასურათებული წესებიც.
ბროშურებში ასევეა საუბარი კორონავირუსის გავრცელების სავარაუდო გზებსა და სიმპტომებზეც.
„ახალი კორონავირუსი ვრცელდება:
წვეთოვანი გზით: ხველით, ცემინებით
თვალზე, პირზე და ცხვირზე დაუბანელი ხელის შეხებით
დაავადებულებთან მჭიდრო კონტაქტით-შეხება, ხელის ჩამორთმევა
იშვიათ შემთხვევაში ფეკალიებთან კონტაქტით
ახალი კორონავირუსის სიმპტომებია:
ცხელება
ხველა
სუნთქვის გაძნელება
მძიმე დაავადება“, - ნათქვამია ბაგა-ბაღების სააგენტოს მიერ ბაგა-ბაღების დირექციებისადმი გაგზავნილ წერილში.
ipn.ge