ოპოზიცია განწყობილია იმისათვის, რომ ვითარება განიმუხტოს, მაგრამ ახლა ვითარების განმუხტვა „ქართული ოცნების“ ხელშია, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ელჩებთან ოპოზიციის ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიცი თავისი პრინციპების ერთგული რჩება.
“საუბარი იყო, იმ ძალიან რთულ ვითარებაზე, რომელიც შეტევის შემდეგ შეიქმნა. ვითარება ძალიან რთულია, ჩვენ ვნახეთ აშშ-ის საელჩოს, ევროკავშირის განცხადებები, სადაც მწვავედაა შეფასებული ეს ქმედებები. რა თქმა უნდა, ოპოზიცია განწყობილია იმისათვის, რომ ვითარება განიმუხტოს, მაგრამ ახლა ვითარების განმუხტვა „ქართული ოცნების“ ხელშია. სამწუხაროდ, მათი მხრიდან ისევ მოვისმინეთ დესტრუქციული განცხადებები, რომელიც საშუალებას არ იძლევა, ვითარება ნორმალიზირდეს. ოპოზიცი რჩება ერთგული თავისი პრინციპების, ჩვენ გვსურს ქვეყანაში ვითარების დეესკალაცია, ამისათვის აუცილებელია ნიკა მელიას გათავისუფლება, აუცილებელია შეთანხმება იმ საკითხებზე, რა საკითხებზეც ამდენი ხანი ბოიკოტში ვართ“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
ჯაფარიძე ასევე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ ვერანაირი ნიშანწყალი ვერ დაინახა, რომ მმართველ გუნდს სიტუაციის ნორმალიზება სურდეს.
„ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში, საუბარი იყო რომ ჩვენ დავაპატიმრეთ მელია და კმაყოფილები ვართ, ამავდროულად შემობრძანდით პარლამენტში და იქ გავაგრძელოთ მუშაობა. აქ მე ვერ დავინახე, ვერანაირი ნიშანწყალი, რომ მათ მართლა სურთ, სიტუაციის ნორმალიზება“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ - მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს განცხადება გაავრცელა. როგორც ის აღნიშნავს, ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების ფონზე, არა დაპირისპირების, არამედ დიალოგის დროა
„დღეს, როდესაც აღსრულდა კანონი და სახელმწიფო დადგა თავის სიმაღლეზე, მინდა, მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ ძალას, ვისთვისაც ძვირფასია ქვეყანა, გავხსნათ ნამდვილი დიალოგი, ვისაუბროთ არა იმაზე, თუ რა გვყოფს, არამედ იმაზე, თუ რამ უნდა გაგვაერთიანოს“, - აღნიშნა პრემიერმა.
IPN.GE