„ბადაგონი საქართველოსთვის“- ამ სლოგანით ღვინის კომპანიამ ყურძნისეული წარმოშობის სპირტზე დაფუძნებული 80-%- იან სადენზიფეციო ხსნარის დამზადება დაიწყო.
კომპანია სპეციალურ ხსნარებს კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით უსასყიდლოდ გადასცემს ჯანდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროს, ეკლესიას, კახეთის მუნიციპალიტეტის მერიებს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც პანდემიის წინააღმდეგ აქტიურად იბრძვის.
„ბადაგონში“ განმარტავენ, რომ ეს პროდუქტი სრულად შეესაბამება ამერიკის „საკვებისა და წამლების ადმინისტრაციის“ მიერ შემუშავებულ სტანდარდებს.
საქართველოში კორონავირუსის 110 შემთხვევა დადასტურდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსისგან 21 ადამიანი განიკურნა.ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge