რესან ჟოჟაძე - ახალგაზრდა ქედელი მეწარმე, რომელიც წლების წინ გაჭირვებას თურქეთში გაექცა, დღეს არა მხოლოდ რეგიონის, ქვეყნის მასშტაბითაც ერთ-ერთი წარმატებული მეწარმეა. როგორც თავად გვიამბობს, დურგლის ხელობას ბაბუისგან ეზიარა, ბაბუა თავისი მამისგან და ა.შ., ხელობა შთამომავლობიდან შთამომავლობას გადაეცა.
სოფელი უჩხითი აჭარის მაღალმთიან ქედის მუნიციპალიტეტში ის ადგილია, სადაც ახალგაზრდა დურგლის წარმატების გზა დაიწყო.
წლების წინ, როცა 13 წლის რესანი ბაბუას დურგლობაში უწევდა დახმარებას, ალბათ ვერც წარმოიდგენდა, რომ თავის ახალგაზრდობაშივე ბაბუის ნაქონ რუსული წარმოების დაჟანგულ დანადგარს თანამედროვე, ევროპული სტანდარტის დაზგებით ჩაანაცვლებდა და ,,აამეტყველებდა“ ხეს, რითაც უმოკლეს პერიოდში მიაღწევდა წარმატებას.
დღეს იგი შეკვეთებს ვერ აუდის, ცდილობს სახელოსნო დიდ საწარმოდ აქციოს, მცირე მეწარმეები ერთი ბრენდის ქვეშ გააერთიანოს და ასე ღირსეულად გააგრძელოს წინაპრის საქმე, რომელიც მისივე საშუალებით ძალიან პოპულარული გახდა.
თუმცა სოციალური ქსელით გაკვალული წარმოების გზა არც ისე მარტივად გასავლელია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. რესან ჟოჟაძე გვიამბობს:
,,ბავშვობიდანვე ვარ ხის ნაკეთობების შექმნით დაინტერესებული, ბაბუა დურგალი იყო. 13 წლისა უკვე ხეზე ვიყავი შეყვარებული და ვსწავლობდი მასალას, ვაკვირდებოდი, როგორ შეიძლებოდა დამუშავება და ხისგან სასურველი ნივთის გამოჭრა. ბაბუას გარდაცვალების შემდეგ დამატებით მეზობლის საამქროში შევისწავლე ხელობა. მაშინ ამან მატერიალურად ვერ შეცვალა ჩვენი მდგომარეობა, ძალიან გვიჭირდა, ამიტომ თურქეთში წავედი სამუშაოდ, ძირითადად ჩაის პლანტაციებში ვმუშაობდი. შემდეგ გაჩნდა პანდემია და მუშაობა გაჭირდა, თურქეთში ძნელად დაგვედგომებოდა, ამიტომ ისევ სამშობლოს მოვაშურე. სწორედ კორონავირუსის პერიოდში დავიწყე ხელნაკეთი ნივთების დამზადებაზე სერიოზული ფიქრი. თურქეთში გამომუშავებული ფულით ორი ჩარხი დავამზადებინე ბათუმში, ასე თანდათან ელემენტარული სამუშაო გარემო მოვიწყვე და ახალი გეგმის განხორციელებას შევუდექი“.
პანდემიისას დამზადებული პირველი ხის ნაკეთობები სამზარეულოს ნივთები იყო. ნიმუშები სოციალური ქსელით გაავრცელა. ვერც კი წარმოიდგენდა, იმდენი მოწონება დაიმსახურა, რასაც მოჰყვა შეკვეთებიც... მალე ამას მოჰყვა გრანტი სააგენტოდან ,,აწარმოე საქართველოში“... ასე გაიკვალა გზა სამეწარმეო ბიზნესისკენ, რომელიც უფრო და უფრო ფართოვდება.
,,ახლა ჩემი საქმიანობის სპექტრი საკმაოდ ფართოა: სამკაულები, საათები, ჭაღები, თითქმის ყველა სამუშაოს შესრულება შემიძლია, რაც ხესთან არის დაკავშირებული. რადგან ონლაინ მიწევს მომსახურება, ვცდილობ, ძირითადად ისეთი ნივთების დამზადებას, რის ფოსტით გაგზავნაც უფრო მოსახერხებელია. ამიტომ ავეჯს და მოცულობით ნაკეთობებს ნაკლებად ვქმნი. დღესდღეობით საკმაოდ დიდი მოთხოვნაა, მათ შორის ემიგრანტებისგან. ყველაზე მეტად სამზარეულოს ჭურჭელი, მათ შორის, გობები, დაფები და სხვა, რაც ყველაზე მეტად იყიდება. ხის ნივთებზე შეიძლება ბევრი მუშაობს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ კონკრეტულად ჩემს საქმიანობაში მაღალი კონკურენციაა. ასე ნამდვილად არ არის, თუმცა ვისურვებდი, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაინტერესდეს და ეს სფერო განვითარდეს, რითაც საქართველო ძველ დროში ყოველთვის გამოირჩეოდა“, - უყვება რესან ჟოჟაძე ,,კომერსანტს“.
კიდევ ერთი მიზანი, რის განხორციელებასაც ახალგაზრდა დურგალი გეგმავს, სოფელ უჩხითის ტურისტულ პოტენციალს უკავშირდება. რესან ჟოჟაძე აპირებს, რომ შექმნას მუზეუმი, სადაც წინაპრების ნივთებს გამოფენს და ახალი კოლექციით შეავსებს. საამისოდ 300-მდე ნივთი უკვე მზადაა.
როგორც აღვნიშნე, 2021 წელს რესან ჟოჟაძე სააგენტო ,,აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარია — მან 30 000 ლარიანი დაფინანსება მიიღო, რითაც დანადგარები შეიძინა.
ამ ეტაპზე აპირებს სახელოსნოს მსხვილს საწარმოდ ჩამოყალიბებას, სადაც რამდენიმე ადამიანს დაასაქმებს და სამეწარმეო საქმესაც გააფართოებს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 100 000 ლარია.
და კიდევ, დამატებით ერთი დეტალი, რაც მისი ბიოგრაფიიდან განსაკუთრებით საინტერესოა: რესან ჟოჟაძე სანამ დურგლობას აქტიურად მოჰკიდებდა ხელს, სოციალურად დაუცველი იყო. მისი საქმიანობა ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია, როგორ შეიძლება ადამიანმა შეცვალოს საკუთარი ცხოვრება ისე, რომ გაჭირვებას თავი დააღწიოს, მყარად დადგეს ფეხზე და უამრავი ადამიანის გული მოიგოს.
დღეს თამამად შეიძლება თქმა, რომ რესან ჟოჟაძე თავისი საქმის დიდოსტატია, სამშობლოზე, ქედასა და სოფელ უჩხითზე საოცრად შეყვარებული ახალგაზრდა. ამიტომაც მიაჩნია, რომ ყველაზე დიდი ჯილდო, რაც მიუღია — მადლობის სიგელია - ,,ოჯახური ტრადიციების გაცოცხლებისა და პოპულარიზაციისთვის“, რომელიც 2020 წელს ქედის მერმა გადასცა.
მარი ჩიტაია