მოსკოვში რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრა სამოკავშირეო დეკლარაციაზე ხელმოწერით დასრულდა. შეთანხმება მხარეებს შორის პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებში თანამშრომლობას ითვალისწინებს.
პუტინმა ალიევს ფრანგი და გერმანელი კოლეგების მსგავსად თავის ცნობილი 6 მეტრიან მაგიდასთან უმასპინძლა. შეხვედრის შემდეგ ალიევმა განაცხადა რომ რუსეთი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების მოწესრიგებაში მთავარ როლს ასრულებს.
აზერბაიჯანი რუსეთს 2020 წლიდან განსაკუთრებით მას შემდეგ დაუახლოვდა, რაც ამ უკანასკნელმა ყარაბაღში მოქმედების თავისუფლება მისცა. ბაქომ სომხეთის მიერ ოკუპირებული 7 რაიონი და უშუალოდ ყარაბაღის ნაწილი, მათ შორის ქალაქი შუშა ბრძოლით დაიბრუნა. თუმცა იძულებული გახდა ყარაბაღის დარჩენილ ნაწილში 2000 რუსი „სამშვიდობოს“ განთავსებას დასთანხმებოდა.
2006 წელს რუსეთმა ბათუმის, ხოლო 2007 წელს ახალქალაქში სამხედრო ბაზა დაცალა (შეიარაღების ნახევარზე მეტი სომხეთში გაიტანეს) თუმცა არსად წასულა გუდაუთის ბაზა, რომლის გაყვანის ვალდებულებაც რუსეთმა 1999 წელს სტამბოლის შეთანხმებით აიღო. რუსი სამშვიდობოები როგორც აფხაზეთში ასევე სამაჩაბლოში 2008 წლამდეც რეალურად საოკუპაციო ჯარის ფუნქციებს ასრულებდნენ. აგვისტოს ომის შემდეგ ოკუპირებულ რეგიონებში მოსკოვმა ბაზები უკვე ოფიციალურად განათავსა, მათი პირადი შემადგენლობა და არსენალი კი საგრძნობლად გაზარდა.
შეთანხმების მიხედვით ოფიციალური ერევნის თანხმობით რუსეთს გიუმრის სამხედრო ბაზა დღემდე აქვს სომხეთში. ყარაბაღის ბოლო ომის შემდეგ, მოსახლეობაში რუსეთისადმი მზარდი უკმაყოფილების მიუხედავად, მისი გაყვანის საკითხის დაყენება ამ დრომდე არ განიხილება. სომხეთში ბევრი ფიქრობს, რომ რუსეთის გარეშე მათ ტერიტორიას თურქეთი და აზერბაიჯანი დაინაწილებს.
2020 წლის ნოემბრამდე აზერბაიჯანი სამხრეთ კავკასიის ერთადერთ სახელმწიფოდ რჩებოდა, სადაც რუსული ჯარი არ იდგა. წელიწადზე მეტია კრემლმა ეს სურვილიც აიხდინა.