ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტის მიღებას გეგმავს, რომელიც, როგორც მოსალოდნელია, რუსული ნავთობის ექსპორტსაც შეეხება. მიუხედავად იმისა, რომ ეს სანქციები ძალაში ჯერ არ შესულა, წამყვანი ტრეიდერები, სანქციებში მოხვედრის შიშით, უარს ამბობენ რუსული ნედლეულის გაყიდვაზე. ყაზახური კომპანიებიც კი არიდებენ თავს დღეს რუსულ ნავთობს.
აზერბაიჯანული სააგენტო haqqin.az ქართულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ „ლუკოილის“ მიერ კასპიის ზღვაში მოპოვებული ნავთობი, რომელიც შემდეგ რკინიგზით აზერბაიჯანიდან საქართველოში, კონკრეტულად ბათუმის პორტში გადაიზიდა, პრაქტიკულად იქვე გაჩერდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია დაახლოებით 1000 ტონა ნავთობზე.
სააგენტოს მონაცემებით, ყაზახურმა კომპანიამ, რომელსაც ეს ნედლეული გადაჰქონდა, სანქციების გამო უარი განაცხადა „ლუკოილთან“ თანამშრომლობაზე. შედეგად, ბათუმის პორტის მისადგომებთან ნავთობით სავსე ცისტერნების დიდი რაოდენობა დაგროვდა.
სააგენტო Bloomberg-ის ცნობით, ბოლო დღეებში ზღვით რუსული ნავთობის გადაზიდვები მკვეთრად შემცირდა. ინტერნეტწყაროების მონაცემებით, რომლებიც ხომალდების გადაადგილებას აკვირდებიან, 8–დან 15 აპრილამდე პერიოდში ეს მაჩვენებელი 25%–ით შემცირდა.
რუსული ნავთობის ექსპორტი ყველაზე მეტად შავი წყვის პორტების ტერმინალებიდან შემცირდა და ამ მაჩვენებელმა 59% შეადგინა. წყნარი ოკეანის პორტებიდან კი ნავთობის ექსპორტი რუსეთს 17%–ით შეუმცირდა.