სომხეთის გეგმები ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენს ზიანი მიაყენოს არარეალისტურია, - განაცხადა აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრის მრჩეველმა, ემილ მეჯიდოვმა.
„სომხეთის მთავრობისა და არმიის გუშინდელი მცდელობა, ზიანი მიეყენებინათ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისთვის, უფრო სიმბოლურ ხასიათს ატარებს. ეს ომის გეოგრაფიის გაფართოებისა და კონფლიქტში მესამე მხარეების ჩართვის მცდელობაა. ნავთობსადენის დაცვის დონის გათვალისწინებით, ამ გეგმის განხორციელება არარეალისტურია“, - განაცხადეს აზერბაიჯანის ეკონომიკის სამინისტროში.
6 ოქტომბერს აზერბაიჯანის გენერალურ პროკურატურაში განაცხადეს, რომ სომხეთმა სარაკეტო დარტყმა მიიტანა იმ მონაკვეთზე, სადაც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი გადის.
თავის მხრივ, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის განცხადება იმის თაობაზე, რომ სომხეთმა სარაკეტო დარტყმა მიიტანა იმ მონაკვეთზე, სადაც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი გადის.
სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ. ორივე მხარე იუწყება, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.
imedinews.ge