“ახალი საბანკო რეგულაციები ბანკებს აიძულებს საცალოდან ბიზნესსესხების გაცემაზე გადავიდნენ”

“ახალი საბანკო რეგულაციები ბანკებს აიძულებს საცალოდან ბიზნესსესხების გაცემაზე გადავიდნენ”

access_time2019-01-11 19:05:30

გთავაზობთ გაზეთ “ბანკების და ფინანსების” ინტერვიუს წამყვან საფინანსო და საბანკო ექსპერტთან, პროფესორ გიორგი ცუცქირიძესთან


-თქვენ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნეთ, რომ წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით რომ შევხედოთ, 3 მილიარდ ლარზე მეტი “ტოქსიკური” სასესხო დავალიანების ჩამოწერა არის ახალი შესაძლებლობის გაჩენა ეკონომიკისა და ადამიანებისათვის, რა ეფექტის მომტანი იქნება იგი ზოგადად?


– ზოგადად, ტერმინი “ტოქსიკური” სესხი და აქტივი ხმარებაში 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ დამკვიდრდა. “ტოქსიკურს” მიეკუთვნება სესხები ან სხვა აქტივები, რომლებსაც აქვთ მიზერული შანსი მოხდეს მათი დაფარვა პროცენტთან ერთად, ანუ ტოქსიკურად ითვლება სესხი იმ გამსესხებელი პირებისათვის, რომლებსაც მისი ამოღების მცირე შანსი აქვთ. ჩვენთან “ჭარბვალიანობის” უფრო სწორი იქნება თუ ვიხმართ ვალაუვალობის პრობლემა სათავეს 2007 წლიდან იღებს, როდესაც გლობალურ კრიზის დაემატა საპროცენტო განაკვეთებზე ზედა ჭერის მოხსნა როგორც საპროცენტო განაკვეთზე, ასევე საურავებზეც, რამაც შედეგად ფინანსური ბაზრის ვაკხანალია გამოიწვია.



ამის შედეგი იყო განსაკუთრებით ონლაინ გამსესხებელი კომპანიების მომრავლება, როდესაც წლიური საპროცენტო განაკვეთი 300-700 %-ის ფარგლებშიც კი ავიდა. მაგრამ, ეს იყო პრობლემის ერთი მხარე. ვალაუვალობა დიდწილად ასევე წარმოქმნა ძირზე და პროცენტზე ჯარიმების დარიცხვის მანკიერმა მიდგომებმაც, როდესაც თუნდაც 300 ლარიანი სესხი საბოლოო ჯამში 12 000 ლარზე იყო ასული. ამ ტოქსიკური სესხების დიდი ნაწილიც, სწორედ, ბოლო ათწლეულში წარმოშობილი საკრედიტო დავალიანებების დაგროვების შედეგი იყო, როგორც ბანკებში, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა თუ სხვა საკრედიტო დაწესებულებებში.



დღეს ხშირად ხაზი ესმება, რომ ეს ადამიანები, რომლებსაც საკრედიტო დავალიანება წარმოექმნათ როგორც ბანკების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ასევე სხვადასხვა იურიდიული პირების მიმართ, წლების მანძილზე იყვნენ პრობლემურ მსესხებელთა სიაში და, პრაქტიკულად, ისინი ახალ სესხს ისედაც ვეღარ იღებდნენ. მაგრამ,ეს მედლის მხოლოდ ერთი მხარეა.



ნიშანდობლივია, რომ ამ ადამიანებს დაყადაღებული ჰქონდათ, როგორც მიმდინარე ანგარიშები, ასევე მთელი თავიანთი აქტივები. შესაბამისად, მათთვის მუშაობის დაწყებაც უკვე პრობლემური იყო. მათ უნდოდათ ეს თუ არა, იძულებული იყვნენ დასაქმებისას ეძებნათ არაფორმალური შემოსავლის წყაროები ანუ ისინი ვინც მუშაობდა ან მცირე მეწარმეობას ეწეოდა, იძულებული იყო ეკონომიკის არაფორმალურ სექტორში ყოფილიყო დაკავებული.



როდესაც 200 ლარის გამო, ვალი გიგროვდება ათი ათასი, ამ ვალის გადახდა ბუნებრივია, ადამიანებს არ სურდათ და მათი ეს პოზიცია აბსოლუტურად გასაგებია.აი, სწორედ ამაში მდგომარეობდა პრობლემის თავი და თავი და ნაკლებ იმაში თუ რატომ ისესხეს თავის დროზე თუნდაც ეს 200 ლარი, თუ მისი დაბრუნების თავი არ ჰქონდათ. შედეგად, მათი ნებისმიერი ბიზნეს აქტივობა ან ჩრდილოვან სეგმენტში იყო გადასული, ან ვერ ავითარებდა საკუთარ ბიზნეს იდეასაც და ეს შეიძლება ყოფილიყო მძღოლიც, ძიძაც და რეპეტიტორიც, მხატვარიც რაც ბუნებრივია, ამ ადამიანების რიცხოვნობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვნად ამცირებდა მათ ეკონომიკურ პროცესებში ჩართულობას და, შესაბამისად, ლეგალურ ეკონომიკურ აქტივობას მთლიანად. დღეს მათ თავისუფლად შეუძლიათ იმუშაონ ლეგალურად ან დარეგისტრირდნენ მეწარმე ფიზიკურ პირად, ან აიღონ საბანკო კრედიტი თავიანთი ბიზნეს იდეების რეალიზაციისთვის.



მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი პრობლემა მიკრო და მცირე ბიზნესის განუვითარებლობისა ესეც არის. ნებისმიერი სახელმწიფო ატარებს სოციალურ პასუხისმგებლობასაც და როდესაც მსგავსი პროგრამების მხარდაჭერა ხდება, უნდა ამოვიდეთ იმ მოცემულობიდან, რომ ამ “გაშავებული” ადამიანების მნიშვნელოვან ნაწილს, ეს ვალები გასულ წლებში ეკონომიკური კრიზისების, პოლიტიკური წნეხის ან შემოსავლების შემცირების ან სამსახურის დაკარგვის შედეგად უფრო შეექმნათ.



მე სხვა დროსაც აღმინიშნავს, რომ “ფონდი ქართუს” მიერ ვალების გამოსყიდვის ანუ როგორც დღეს ხმარობენ განულების ეს იდეა არის, უპრეცედენტო თავისი მაშტაბით და მნიშვნელობითაც. ვალები სხვა ქვეყნებშიც ჩამოწერილა, კრიზისულ თუ პოსტკრიზისულ პერიოდებში, მაგრამ ძირითადად, ბიუჯეტის ხარჯზე და არა კერძო ფონდის მიერ. სწორედ, ბიუჯეტიდან ვალების ჩამოწერას ჰყავდა და დღესაც ყავს ღია მოწინააღმდეგეები, მაგრამ კერძო ფონდის მიერ ამის გაკეთებას, აქვს აბსოლუტურად სხვა დატვირთვა და თავისი არსით არა უბრალოდ ქველმოქმედების, არამედ გაცილებით მეტის – კონტრციკლური არსის მატარებელია.


ამ ადამიანების მესამედიც რომ ჩაერთოს ეკონომიკურ აქტივობაში ეკონომიკური ზრდის პირდაპირი მაპროვოცირებელი გახდება. ამისათვის ფონდ “ქართუს” მხოლოდ მადლობა ეთქმის.




-ექპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ბანკებს ეს პრობლემა არ ჰქონიათ, რადგან ამ სესხების დიდი ნაწილი ისედაც ჩამოწერილი იყო, ხოლო ნეგატიური ჩანაწერი 5 წლამდე ვადით რჩება, საკრედიტო ბიუროში?


– არასწორია შეხედულება, თითქოს ბანკებს ეს პრობლემა არ ჰქონიათ, რადგან ამ სესხების დიდი ნაწილი ისედაც ჩამოწერილი იყო. რა მნიშვნელობა აქვს, ეს სესხები თუნდაც ბოლო ხუთი წელი ბალანსურ თუ გარე ბალანსურ ანაგარიშზეა, ვალი რჩება ვალად. ითვლება, რომ როცა არის მაღალი პრობლემური სესხების ნაწილი, სისტემა ფუნქციონირებს მაღალი ან საშუალო რისკის პირობებში. ამიტომაც შემთხვევითი არ არის, რომ განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებში კრიზისულ და პოსტკრიზისულ პერიოდებში ხდება ბანკებისათვის ამ სახის ვალების ჩამოწერა, ანუ მათი განულება. საკრედიტო ისტორიის ჩანაწერი არა თუ საკრედიტო ბიუროში, არამედ თითოეულ სესხებზე ცალკეულ საკრედიტო ფაილებშია შენახული, და სადაც ისედაც არის ყველა ინფორმაცია კლიენტზე.


ახალი საბანკო რეგულაციები იმითაც არის კარგი, რომ როდესაც კლიენტს აქვს სტაბილური შემოსავალი, ხოლო მისი დავალიანება განულებულია, ეს წარსულის ნეგატიური ჩანაწერი ვეღარ იქნება წინაპირობა სესხზე უარის თქმისათვის.


გარდა ამისა, გასუფთავებული საკრედიტო პორტფელი ზრდის და აუმჯობესებს თავად ბანკების ლიკვიდობას, იგი ასევე დადებითად იმოქმედებს საპროცენტო მარჟაზეც. ქართული კომერციული ბანკები მოგების მაღალი საპროცენტო მარჟით ოპერირებენ იმიტომაც, რომ ამ მარჟით ხდება ყველა მოსალოდნელი ზარალის თუ ხარჯების გასტუმრება ანუ რეალურად რისკების დაზღვევა. თუ ბანკების საკრედიტო პორტფელი გაჯანსაღდება, საპროცენტო მარჟის შემცირებასთან ერთად, გაიზრდება ლიკვიდობა, და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია იგი პოზიტიურად აისახება საპროცენტო განაკვეთებზე, მათი კლების მიმართულებით.
ახალი საბანკო რეგულაციების შემოღება სწორედ ამ კუთხით არის მნიშვნელოვანი. შეიძლება ითქვას, რომ ამ ვალების განულების და პლუს ახალი რეგულაციების შედეგად, მოსალოდნელია საბანკო პროცენტების შემცირებაც და ეკონომიკის სტიმულირებაც საკრედიტო რესურსებზე ხელმისაწვდომობის ზრდით.



-რამდენად არის მოსალოდნელი მომავალ წელს საკრედიტო აქტივობის შემცირება, ბანკები თვლიან, რომ ახალი რეგულაციები საკმაოდ მკაცრია და მათ არსებული ბიზნესმოდელების შეცვლა მოუწევთ?


– ბოლო წლებში ბანკების მიერ გამოყენებული ბიზნეს მოდელები, ძირითადად, საცალო დაკრედიტების პრიორიტეტებზე, მათ შორის სწრაფი სესხების პლატფორმაზე იყო აგებული. დიდწილად ამის შედეგი იყო საცალო დაკრედიტების ტემპების ორ-სამჯერ უფრო მაღალი ზრდის მაჩვენებელი ბიზნეს დაკრედიტებასთან შედარებით. ეს ტენდენცია, განსაკუთრებით, თვალშისაცემი ბოლო წლებში იყო. ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული პროპორციის ცვლილებამ და საცალო დაკრედიტების ტემპების ზრდამ მნიშვნელოვნად განაპირობა საბანკო სექტორის მომგებიანობის ზრდაც, რადგან ბიზნესსეხებთან შედარებით სამომხმარებლო სესხები საშუალოდ 3-4 %-ით ძვირია, ხოლო ვადიანობით ნაკლები.


მართალია, ახალი საბანკო რეგულაციები, გარკვეულწილად შერბილდა სებ-ის თავდაპირველ ვარიანტთან შედარებით, მაგრამ ძირითადი მიდგომები დადასტურებული შემოსავლის მოთხოვნასთან და შემოსავლის სესხის ზომის პროპორციებთან მიმართებაში უცვლელი რჩება


ბუნებრივია, სამომხმარებლო სესხების გაცემის გამკაცრებული პირობები, შეამცირებს ბოლო წლებში საბანკო დაკრედიტების ზრდის ტემპებს, რაც საშუალოდ 20 %-ზე მეტი იყო, იგი ასევე შეამცირებს საბანკო სექტორის მოგებასაც, მაგრამ სამაგიეროდ, ბანკებს აიძულებს გადავიდნენ დაკრედიტების ახალ ბიზნეს მოდელზე, რომელიც საცალოდან ბიზნეს დაკრედიტების მიმართულებით იქნება აქცენტირებული. ერთ-ერთი მთავარი მიზანი ამ ახალი საბანკო რეგულაციების შემოღებისას ეს იყო.



ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ საკრედიტო ექსპანსიის ის ტემპები იყო, იყო მაღალი რისკების მატარებელი, რადგან ბიზნეს დაკრედიტების ტემპების შემდგომი შენელება, და სამაგიეროდ,საცალო დაკრედიტების ზრდა, ატარებდა მაღალ ლიკვიდობის რისკებს და თუ ეს ტენდენცია გაგრძელდებოდა ეკონომიკურ ზრდაზე მხოლოდ ნეგატიურად აისახებოდა. არ შეიძლება დაკრედიტების საშუალო წლიური ტემპები ეკონომიკის ზრდაზე 5 ჯერ მაღალი იყოს.თუმცა ახალ ბიზნეს მოდელზე გადასვლა იოლი არ იქნება. ბანკებს სჭირდებათ ინოვაციური მიდგომების დანერგვა ბიზნესთან ურთიერთობაში, ბიზნეს დაკრედიტების შენელება იმანაც გამოიწვია, რომ არსებული სტანდარტული დაკრედიტების მოდელები დროს აშკარად ვეღარ პასუხობს, რადგან იგი კონსერვატულ მიდგომაზე -მთლიანად უძრავი ქონების ღირებულებაზეა რეალურად მიბმული და ნაკლებად ფულადი ნაკადების საპროგნოზო მაჩვენებლებზე. ეს თანაბრად ეხება და აფერხებს როგორც დამწყები ბიზნესის, ისე მოქმედი ბიზნესის დაკრედიტებას.



მართალია, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები მიმართავენ ბიზნეს დაკრედიტებებს პრაქტიკულად ყველა მიმართულებას იქნება ეს საბრუნავი საშუალებების დაფინანსება, ძირითადი საშუალებების დაფინანსება, ვაჭრობის დაფინანსება თუ სტარტაპების დაფინანსება, კლიენტებს სთავაზობენ საკრედიტო ხაზებსაც, ბოლო წლებში გაზრდილია დაკრედიტების ვადიანობაც 5 წლამდე, ხოლო საშეღავათო პერიოდი 3 თვიდან 12 თვემდე და რაც მთავარია შემცირებულია საპროცენტო განაკვეთები, მთავარი პრობლემა მაინც იმაში მდგომარეობს, რომ ბიზნეს სესხები გაიცემა მხოლოდ ლიკვიდური ქონების უზრუნველყოფის ქვეშ, ძირითადად კომპანიის ან მესამე პირის უძრავი ქონების და მსესხებელი კომპანიის მენეჯერებისა და დამფუძნებლების პირადი ქონების სახით (უგირავნო კრედიტის მაქსიმალური თანხა მხოლოდ 30 ათას ლარამდეა), ცალკე თემაა ქონების შეფასების არსებული მიდგომები, განსაკუთრებით სალიკვიდაციო და საბაზრო ღირებულების არაპროპორციული მაჩვენებელი, რაც ბიზნესის დაკრედიტებისას მხოლოდ შემაფერხებელ ფუნქციას ატარებს, მოკლედ რომ ვთქვათ არ შეიძლება მოთხოვნილი ქონების ღირებულება სესხზე 3 ჯერ და 4 ჯერ მეტი იყოს ანუ კომერციული სტრუქტურა თავის თავზე არანაირ რისკს არ იღებდეს.



გარდა ამისა, დაფარვის გრაფიკი ნაკლებ ითვალისწინებს არათანაბარი გადახდის პრინციპს, მათ შორის არარევოლვირებადი დაფარვის ფორმას საკრედიტო ხაზების შემთხვევაში. მაშინ როდესაც ევროპული ბანკები სულ უფრო აქტიურად მიმართავენ არარევოლვირებადი დაკრედიტების ფორმებს როგორც ბიზნეს სესხების, ასევე გრძელვადიანი ოჯახური იპოთეკის დროსაც, რითაც ამსუბუქებენ რა მსესხებლის საპროცენტო ტვირთს, ისედაც დაბალი წლიური საპროცენტო განაკვეთებისას ზრდიან ხელმისაწდომობას საკრედიტო რესურსებზე.



მიგვაჩნია, რომ ბანკებს ნამდვილად სჭირდებათ ინოვაციური მიდგომების დანერგვა ბიზნესთან ურთიერთობაში, ციფრული ბანკინგის ახალი ბიზნესმოდელების და ბიზნესბანკირის ინსტიტუტის ფართო გამოყენებით. ბანკი უნდა გახდეს მეწარმის პარტნიორი ფინანსური მრჩევლისა და კონსულტანტის სახით.



მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თუ არა მთავარი პრობლემა, არის სწორედ არასაკმარისი უზრუნველყოფის ქონა


ცნობილია, რომ დაკრედიტებისას ევროპის ქვეყნებში მცირე და საშუალო ფირმების მოთხოვნა საკრედიტო რესურსებზე საშუალოდ ქონების ღირებულება სესხის 154 %-ს შეადგენს, ხოლო შედარებით მსხვილ საწარმოებზე ანალოგიური მოთხოვნა 100-120 %-ია. მიუხედავად იმისა, რომ ეს მაჩვენებლები თითქმის 2 ჯერ ნაკლებია, ვიდრე ჩვენთან როგორც აღმოსავლეთ, ისე ცენტრალურ და სამხრეთ -აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება არა კომერციული საბანკო კრედიტით, არამედ საკრედიტო-საგარანტიო ფონდების (CGS) მეშვეობით განხორციელდა.



ამ ტიპის ფონდების ძირითადი ამოცანაა, ფონდმა მისცეს თანაუზრუნველყოფა ბანკებს მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრდიტების მხარდასაჭერად, იგივე შეიძლება ითქვას, აზიის და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებზე. მაგალითად ჩილეში ასეთი იყო მცირე ბიზნესის საკრედიტო საგარანტიო ფონდი (FOGAPE), რომელმაც 1998-2004 წლებში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქვეყნის მცირე ბიზნესის განვითარების საქმეში. სესხების რაოდენობამ 200 სესხიდან 2004 წელს შეადგინა 34,221 ერთეული, 472 მლნ აშშ დოლარის საერთო საგარანტიო ღირებულებით; აქვე შეგვიძლია მოვიყვანოთ სამხრეთ კორეის გამოცდილებაც, კორეის ტექნოლოგიური საკრედიტო საგარანტიო ფონდი (KOთEჩ), რომელიც დაფუძნდა 1989 წელს, კორეის ტექნოლოგიური ფინანსური კოოპერაციის აქტის ფარგლებში და უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა სამხრეთ კორეის ინდუსტრიულ რევოლუციაში. დაფუძნებიდან 2009 წლამდე გაცემული სესხების საგარანტიო ღირებულებამ არც მეტი, არც ნაკლები 99.7 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. მსგავსი ფონდები ევროპაში 26 ქვეყანაშია დანერგილი და მნიშვნელოვნად ზემოქმედებს ეკონომიკურ ზრდაზე. თვალსაჩინოებისთვის, გასულ წელს თურქეთის 7%-იან ზრდაში 2% სწორედ საკრედიტო – საგარანტიო სქემის დამსახურება იყო.
აქედან გამომდინარე, საკრედიტო-საგრანტიო რეფორმას რომელიც უკვე დაანონსებული მთავრობის მიერ, საქართველოს ეკონომიკისთვისაც ძალზე დიდი მნიშვნელობა ექნება.


bfm.ge






რატომ გვატყუებს მუდმივად ქართული ოცნება? - ნაწილი მეექვსე

რატომ გვატყუებს მუდმივად ქართული ოცნება? - ნაწილი მეექვსე
access_time2019-06-17 19:00:07
წინა ხელისუფლებასთან შედარებით, ეკონომიკაში მინიმუმ ორჯერ არის ტემპი გაზრდილი ყველა მიმართულებით, — ეს სიტყვები  პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა  ბიძინა ივანიშვილმა მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს, სამი ტელეკომპანიის ჟურნალისტთან შეხვედრისას განაცხადა.  ფაქტ-მეტრმა შეისწავლა ივანიშვილის განცხადება,  როგორც ბევრი სხვა “ქართული ოცნების“ დაპირება და დაასკვნა, რომ  ეს განცხადება...

ივა ჭყონია: „იმპორტიორ კომპანიებს გეზ-ში დღგ-ს გადახდას მომენტალურად სთხოვენ - მარაზმში ვართ“

ივა ჭყონია: „იმპორტიორ კომპანიებს გეზ-ში დღგ-ს გადახდას მომენტალურად სთხოვენ - მარაზმში ვართ“
access_time2019-06-17 18:00:06
„იმპორტიორ კომპანიებს გაფორმების ეკონომიკურ ზონაში(გეზ-ი) დღგ-ს გადახდას მომენტალურად სთხოვენ,“— ამის შესახებ „კომერსანტს“ საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა ივა ჭყონიამ განუცხადა.   „2 თვეა უკვე, როდესაც ტვირთი გეზ-ში შემოდის, ყვითელ დერეფანში ხვდება. ეს ნიშნავს იმას, რომ კომპანიების უმრავლესობა, მნიშვნელობა არ აქვს “ოქროს სიაში“ არის თუ არა, იძულებულია თანხა მომენტალურად გადაიხადოს. აქამდე ჩვეულებრივ...

ჰაბ ჯორჯია: სახელმწიფო ხორბლის ტექნიკური რეგლამენტის მიღების/დამტკიცების დროს აჭიანურებს

ჰაბ ჯორჯია: სახელმწიფო ხორბლის ტექნიკური რეგლამენტის მიღების/დამტკიცების დროს აჭიანურებს
access_time2019-06-17 17:00:57
ქვეყანაში სტრატეგიული მნიშვნელობის ტვირთების, და განსაკუთრებით ხორბლს საეჭვო მოძრაობასთან დაკავშირებით ჰაბ ჯორჯია ხშირად აკეთებს განცხადებას, თუმცა იმასაც აღნიშნავენ, რომ ამ მიმართულებით ხელისუფლება არაფერს ცვლის. ორგანიზაციის მკვლევარი და ანალიტიკოსი მაია კაციტაძე ხორბლის იმპორტთან დაკავშირებულ პრობლემებზე „კომერსანტთან“ საუბრობს და აცხადებს, რომ  ქვეყანაში ეკონომიკური ქაოსის დარეგულირებას კერძო ბიზნესები...

პრემიერი - დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას და წლის ბოლომდე გავუხანგრძლივებთ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ვალდებულებების შესრულების ვადას

პრემიერი - დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას და წლის ბოლომდე გავუხანგრძლივებთ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ვალდებულებების შესრულების ვადას
access_time2019-06-17 14:35:38
ჩვენ დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას და წლის ბოლომდე გავუხანგრძლივებთ კონსორციუმს საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადას,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მამუკა ბახტაძის განცხადებით, მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ფინანსური დახურვის ვადას წლის ბოლომდე გაუხანგრძლივებს. „დღეს მთავრობა იმსჯელებს და მიიღებს გადაწყვეტილებას „ანაკლიის...

თუ საბანკო და სამშენებლო რეგულაციები არ შერბილდება, შეიძლება, სამსახურის გარეშე დარჩენილი ადამიანების რაოდენობა 20 ათასამდე გაიზარდოს

თუ საბანკო და სამშენებლო რეგულაციები არ შერბილდება, შეიძლება, სამსახურის გარეშე დარჩენილი ადამიანების რაოდენობა 20 ათასამდე გაიზარდოს
access_time2019-06-17 13:30:58
 „დღეს, რომ მშენებლობის სექტორში 4000 ადამიანით ნაკლებია დასაქმებული, ზუსტად 6 თვეში იგივე დანაკლისი გვექნება სარემონტო სამუშაოებში , შემდეგ ტექნიკის მაღაზიებში, რადგან ეს ჯაჭვური პროცესია“, - ასე აფასებს მენაშენეთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე აბულაძე სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს, რომლის მიხედვითაც მიმდინარე წლის 1-ელ კვარტალში მშენებლობის სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით  4 175 კაცით...


მსგავსი სიახლეები

up