ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ახალი 13 კოვიდინფიცირებულიდან 12-ის წყარო ცნობილია, ერთთან დაკავშირებით კი, კვლევა გრძელდება.
„ინფიცირებულთაგან 3-ის წყარო ლილოს ბაზრობაა, 1-ის გაჩიანი, 5 შემოტანილი შემთხვევაა და მათგან 4 სატვირთო ავტომობილის მძღოლია, 1 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, 2 სამედიცინო პერსონალია. ერთ პაციენტთან დაკავშირებით, კვლევა გრძელდება“ - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ ცენტრში 39 ინფიცირებული მკურნალობს. მათგან 2-ის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა პროგრესირება არ შეინიშნება.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1117 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 917 ადამიანი, 16 პაციენტი კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 5936 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 268, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
Imedinews