ავტოსკოლა ,,ავტომობილის“ ხელმძღვანელი, მძღოლ-ინსტრუქტორი თამაზ თოფაძე აცხადებს, რომ მინიმუმ, 20-25 გაკვეთილი აუცილებელია იმისთვის, რომ მოსწავლემ სრულად შეძლოს დაეფლოს თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას და გავიდეს გამოცდაზე. რაც შეეხება თვითნებურ სწავლას, თოფაძე დაუშვებლად მიიჩნევს და ამბობს, რომ მართვის მოწმობის აღებამდე პრაქტიკული სწავლების კურსის გავლა აუცილებელია.
„მანქანის მართვას საფუძვლიანი სწავლა უნდა. დღეს კი მისი შესწავლა თვითნებურად კომპიუტერით ყველას შეუძლია. კარგი იქნება, რომ ავტოსკოლა რეკომენდაციას უწევდეს მოსწავლეს, მზადაა თუ არა ან რა დონეზეა მზად როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილში. მე ლიცენზირებული ავტოსკოლა მაქვს და პასუხისმგებელი ვარ, ერთის მხრივ, მომსახურების სააგენტოს და, მეორე მხრივ, მოსწავლის წინაშე. მინიმუმ, 20-25 გაკვეთილია საჭირო, სანამ ადამიანი შეეჩვევა საჭეს და მართავს ავტომობილს. შეიძლება ზოგს ნაკლებიც დასჭირდეს, ვინც ამ პერიოდში ვერ ისწავლი, მან შეიძლება საერთოდ ვერ მართოს ავტომობილი. პრაქტიკულთან ერთად, მძღოლისთვის საჭიროა თეორიული მყარი ცოდნა, როგორ იმოძრაოს ქუჩებსა და საავტომობილო გზებზე. სწავლებასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემაა. ავტოსაგზაო შემთხვევების სიმრავლე პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ მოქალაქეებს ავტომობილების მართვის უნარ-ჩვევა არ აქვთ გამომუშავებული“, - აცხადებს „კომერსანტთან“ საუბარში თამაზ თოფაძე.
მისი ინფორმაციით, მოსახლეობის 30%-ს მართვის მოწმობა აქვს, რაც ძალიან ბევრია ისეთი ინფრასტრუქტურულად მოუწყობელი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, სადაც გზებიც გაუმართავია.
„მძღოლისთვის მართვის მოწმობის გადაცემა ისეთივე სიფრთხილით უნდა ხდებოდეს, როგორც ექიმისთვის ლიცენზიის გადაცემა ხდება, რადგან მძღოლიც ისეთივე საფრთხეს უქმნის სხვის სიცოცხლეს დაუდევრობითა და არცოდნით, როგორც არაკვალიფიციური ექიმი. მარტო ჯარიმები და აკრძალვები საქმეს რომ ვერ შველის, აგერ სტატისტიკაა ნათელი მაგალითი. უნდა ვიზრუნოთ ავტოსპორტის განვითარებაზეც. უნდა დაიხვეწოს და მოწესრიგდეს ინფრასტრუქტურაც, რადგან დღეს ქალაქების ქუჩები ვეღარ აუდის ავტოტრანსპორტის გაზრდილ რიცხვს“, - აცხადებს თოფაძე.
გარდა ამისა, როგორც მძღოლ-ინსტრუქტორი განმარტავს, საგზაო უსაფრთხოება გაიზრდება, თუ აიკრძალება საგზაო მოძრაობის თვითნებური სწავლება. სახელმწიფომ ყველა ლიცენზირებული ავტოსკილისთვის უნდა შექმნას საერთო სწავლების პროგრამა, სადაც თანამედროვეობის მოთხოვნები იქნება ასახული და გათვალისწინებული.
შეგახსენებთ, რომ მართვის მოწმობის აღება რთულდება. ავტოსკოლებთან დაკავშირებით კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში უკვე განსახილველად შევიდა. ცვლილებების მიხედვით, მართვის მოწმობის ასაღებ გამოცდებს ახალი კომპონენტი ემატება, რომლის მიხედვითაც გამოცდას მართვის მოწმობის აღების მსურველები ჯერ საგამოცდო ბაზაზე, შემდეგ კი ქალაქში ჩააბარებენ.
მარი ჩიტაია