წინასწარ ვერავინ განსაზღვრავს, ევროპის ქვეყნებში სტიქიის შედეგად დაზიანებული რამდენი ავტომობილი შემოვა საქართველოში, თუმცა საფრთხე რეალურია, რომ რამდენიმე პროცენტი შემოვიდეს - ამის შესახებ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საქართველოს ავტო-იმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა განაცხადა.
ცნობისათვის, გერმანიის რამდენიმე ფედერალურ მიწაზე, ბელგიასა და ნიდერნალდებში ძლიერმა სტიქიამ ქალაქები და სოფლები დააზარალა. დაიტბორა სახლები, განადგურდა ათასობით ავტომობილი. ამის გამო სლოვაკეთის საავტომობილო ბაზარის მოთამაშეები უკვე შეშფოთებული არიან და არ გამორიცხავენ, რომ გერმანიიდან, ბელგიიდან და ნიდერლანდებიდან დილერებმა შესაძლოა, წყალდიდობისგან დაზიანებული მანქანები შეიტანონ გასაყიდად. აღნიშნული ქვეყნებიდან სლოვაკეთში ყოველწლიურად ათიათასობით მანქანა შედის, ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Euractiv ავრცელებს.
„დატბორვის შემდეგ, მანქანაში ყველა ელექტრო მოწყობილობა უნდა შეიცვალოს, რაც ასობიდან ათასობით ევრომდე ხარჯს მოითხოვს, ამიტომ დატბორილი მანქანები ადგილზე პრაქტიკულად არ იყიდება და მათი ექსპორტი შესაძლოა, ჩეხეთში ან სლოვაკეთში მოხდეს“, - ამბობენ სლოვაკი ავტოდილერები Euractiv-თან საუბარში.
საქართველოს ავტო-იმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლაშა დარბაისელი თვლის, რომ იგივე საფრთხე ქართულ ბაზარზეც არსებობს, თუმცა შემოდინება დიდი მასშტაბის ვერ იქნება და ამ ნაწილში ავტო- იმპორტიორების პროფესიონალიზმის იმედად უნდა ვიყოთ.
,,რა თქმა უნდა, საფრთხე არსებობს, თუმცა დიდი რაოდენობით შემოდინების მოლოდინი ასოციაციაში არ გვაქვს. მიზეზი არის ის, რომ მსუბუქი ავტომობილები ძირითადად, მაინც აშშ-დან და კანადიდან შემოდის. რაც შეეხება ნიდერლანდებსა და გერმანიას, იქედან ძირითადად სატვირთო ავტომობილების იმპორტი ხდება. ვერავინ განსაზღვრავს წინასწარ, რამდენი ასეთი ავტომობილი შემოვა, თუმცა საფრთხე რეალურია, რომ რამდენიმე პროცენტი წყალდიდობის შედეგად დაზიანებულიც იყოს. ასოციაცია, იმედს იტოვებს ავტო-იმპორტიორების, რომ ავტოიმპორტიორები ამ საკითხს პროფესიონალურად მიუდგებიან.
სხვა ბერკეტი, რეალურად არც ჩვენ და არც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს არ გააჩნიათ, რომ გააკონტროლონ ავტომობილი არის თუ არა დაზიანებული. ამიტომ, ავტო-იმპორტიორების კეთილსინდისიერების იმედად უნდა ვიყოთ“ - განუცხადა დარბაისელმა ,, ბიზნესპრსნიუსს“.
ცნობისთვის, გერმანიიდან, ნიდერლანდებიდან და ბელგიიდან იმპორტირებული მსუბუქი ავტომობილების წილი საქართველოს მთლიან იმპორტში დაახლოებით 10%-ია.
საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-ივნისში ქვეყანაში სულ შემოვიდა 46 261 ერთეული მსუბუქი ავტომობილი (371,403 მლნ დოლარის ღირებულების) აქედან:
- გერმანიიდან - 3 528 ერთეული (33,667 მლნ დოლარი);
- ბელგიიდან -602 ერთეული (2,271 მლნ დოლარი);
- ნიდერლანდებიდან - 420 ერთეული (1,452 მლნ დოლარი)
Bpn.ge