ავსტრალიის პარლამენტმა ინტერნეტში მედიაბაზრის რეგულირების შესახებ კანონპროექტი მიიღო. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, სენატმა პრემიერ-მინისტრ სკოტ მორისონის მთავრობის მიერ მომზადებული დოკუმენტი მას შემდეგ დაამტკიცა, რაც მასში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა. კერძოდ, ავსტრალია ინტერნეტ-კორპორაციებსა და მედიას შორის კომერციულ შეთანხმებებს გაითვალისწინებს და ამ შეთანხმების გასაფორმებლად მხარეებს ორ თვეს მისცემს.
კანონი ჟურნალისტური მასალის გამოქვეყნების შემთხვევაში ინტერნეტ-პლატფორმებს მედიასაშუალებებისთვის თანხის გადახდას ავალდებულებს. მთავრობაში აცხადებენ, რომ ახალი კანონი იმის გარანტიაა, რომ მედია მის მიერ შექმნილი კონტენტისთვის სამართლიან ანაზღაურებას მიიღებს.
გასულ კვირას კანონპროექტმა Facebook-თან უთანხმოება გამოიწვია. კერძოდ, სოციალურმა ქსელმა ავსტრალიელებს ახალი ამბების გაზიარების ფუნქცია დაუბლოკა, თუმცა მას შემდეგ რაც ავსტრალიის მთავრობა კომპრომისზე წავიდა და კანონპროექტში ცვლილებები შეიტანა, აკრძალვა გაუქმდა.
imedinews.ge