2020 წლის 8-10 დეკემბერს, ავსტრალიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გიორგი დოლიძემ ქუინსლენდის შტატში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამარათა ქუინსლენდის შტატის გუბერნატორთან, პოლ დე ჯერსისთან, შტატის პარლამენტის ვიცე-სპიკერთან, ჯოსეფ კელისთან, ქ. ბრისბენის საკრებულოს თავმჯდომარესთან, ენდრიუ ვაინსთან, ასევე, ქუინსლენდის შტატის სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ვაჭრობისა და ინვესტიციების სააგენტოს წარმომადგენლებთან. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„შეხვედრებზე განხილულ იქნა ორმხრივი ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქუინსლენდის შტატთან სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების განვითარებას.
შეხვედრებზე, საქართველოს ელჩმა ავსტრალიურ მხარეს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ეკონომიკურ შესაძლებლობებს და საინვესტიციო გარემოს.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა COVID-19 პანდემიასთან ბრძოლის კონტექსტში თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებზე.
ავსტრალიურმა მხარემ აღნიშნა საქართველოსთან სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცების მნიშვნელობა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.