გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა ავიაკომპანია Myway Airlines-ისთვის კომერციული ფრენის ლიცენზიის გაუქმებას გეგმავს, რაც ავიაკომპანიის გაჩერებას გულისხმობს. ექპერტისთვის სატრანსპორტო საკითხებში, ვასო ურუშაძისთვის, წარმოუდგენელი და მიუღებელია, ქვეყანაში და მსოფლიოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, განსაკუთრებით კი იმ სირთულეების გათვალსწინებით, რაც ავიაციის ბაზარზეა, მთავრობა ბიუროკრატიული, პროცედურული, უმნიშვნელო დარღვევების ბრალდებით ეროვნულ ავიაკომპანიას ექსპლუატაციის უფლებას უზღუდავდეს.
ავიაკომპანიისთვის ექსპლუატანტის სერთიფიკატის გაუქმება ნიშნავს, მის პარალიზებას, კომერციული ფრენების შეზღუდვას, ვალდებულებების შეუსრულებლობას და შედეგად გაკოტრებას, მაშინ როცა ის მეორე კატეგორიის ეროვნული საწარმოა, ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელი და სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადის გადამხდელი.
მძიმე ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ფონზე, როცა ქვეყანა 100 000 სულ მოსახლეზე მსოფლიოში სიკვდილიანობით ერთერთი პირველია, გვაქვს ეკონომიკური კრიზისი, მაღალი ინფლაცია, სამუშაო ადგილების დეფიციტი. ეროვნულ ავიაკომპანიებს მგზავრთა გადაყვანაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად შეუმცირდათ, მიუხედავად ამისა, ისინი ინარჩუნებენ სამუშაო ადგილებს, იხდიან სახელმწიფო გადასახადებს და ამ გარემოების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მარეგულირებელი ორგანოს სადამსჯელო მოქმედებები რათქმაუნდა მიუღებელია. მაშინ როცა დარღვევა, რაზეც აპელირებს ავიაციის მარეგულირებელი ორგანო, არ უქმნის საფრთხეს მგზავრთა უსაფრთხოებას და არ უკავშირდება ავიაკომპანიის უსაფრთხო ექსპლუატაციის საკითხებს. პროცედურული დარღვევების შემთხვევაში, ავიაკომპანიას ფრენის უფლების შეჩერების გარეშე უნდა ჰქონდეს გონივრულ ვადაში ხარვეზის გამოსწორების უფლება. აღნიშნული, სახელმწიფოს გაცხადებული ეკონომიკური პოლიტიკის ხედვიდან გამომდინარე, პირველ რიგში თავად მთავრობის ინტერესს უნდა წარმოადგენდეს.
საქართველოს აქვს უნიკალური შესაძლებლობა სამოქალაქო ავიაციის ინდუსტრიაში გახდეს რეგიონული ლიდერი, რასაც სჭირდება ხელისუფლების მხრიდან კერძო სექტორის მხარდაჭერა და სწორი ეკონომიკური პოლიტიკის გატარება, თუმცა სამწუხაროდ საპირისპირო მაგალითებს ვხედავთ - ავიაკომპანია Myway Airlines-ის შემთხვევა ამის ნათელი დადასტურებაა.
ამ მძიმე გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებელია მთავრობის ეკონომიკური გუნდი. ამ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტმა მყისიერი რეაგირება უნდა მოახდინოს და მთავრობის ეკონომიკური გუნდი საკანონმდებლო ორგანოში დაიბაროს, რასაც ჩვენ აუცილებლად მოვითხოვთ, - ამბობს ურუშაძე.