აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი დონალდ ტრამპის მიერ დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით განმარტებას ავრცელებს. უწყების მიერ გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, აშშ-ში შესვლა აეკრძალება უცხო ქვეყნის მოქალაქეთა უმრავლესობას, რომლებიც აშშ-ში დაგეგმილ ვიზიტამდე 14 დღის განმავლობაში ნამყოფები არიან ევროპულ ქვეყნებში, კერძოდ შენგენის ზონაში.
აკრძალვა არ ვრცელდება აშშ-ში მუდმივად მცხოვრებ პირებზე, ასევე აშშ-ის მოქალაქეების ოჯახის წევრებზე, ასევე პროკლამაციაში მითითებულ სხვა პირებზე.
„ამერიკელი ხალხის საფრთხეებისგან დაცვა აშშ-ის პრეზიდენტის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვალეობაა. პრეზიდენტი დაზარალებულ ზონებში ნამყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმით ამერიკელების უსაფრთხოებას შეინარჩუნებს და ამერიკელების სიცოცხლეს გადაარჩენს. ტაშს ვუკრავ პრეზიდენტს ამ მკაცრი, თუმცა აუცილებელი გადაწყვეტილებისთვის“, – განაცხადა აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანმა ჩედ ვულფმა.
ჩედ ვულფის თქმით, იანვარსა და თებერვალში ხელისუფლებამ ანალოგიური შეზღუდვები დაუწესა ჩინეთსა და ირანში ნამყოფ პირებს, რამაც დაადსტურა, რომ ეს ზომები ვირუსის გავრცელების ტემპის შესანელებლად ეფექტიანია.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ევროპიდან მგზავრების მიღებას 30 დღით წყვეტს. ამასთან, შეზღუდვა ევროპიდან აშშ-ში სატვირთო გადაზიდვებს არ შეეხება.
1tv.ge