სახელმწიფო დეპარტამენტის საგარეო ოპერაციების 2021 წლის ფისკალური ბიუჯეტით, აშშ საქართველოს რუსეთის აგრესიასთან და რუსულ გავლენებთან საბრძოლველად ფინანსურად დაეხმარება.
ამერიკის შეერთებული შტატების 2021 წლის ბიუჯეტი სამხედრო დახმარების სახით, ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, 170 მილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. ამის შესახებ აშშ-ის 2021 ფისკალური წლის ბიუჯეტის კანონპროექტშია აღნიშნული.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროპასა და ევრაზიაში სტრატეგიული უსაფრთხოების პრიორიტეტები რუსეთის გავლენასთან და აგრესიასთან დაპირისპირებაა, მოკავშირეებისა და პარტნიორების შესაძლებლობების გაძლიერებით, რომ დაიცვან სუვერენიტეტი და უზრუნველყონ საკუთარი დაცვა, ნატო-სთან და დასავლეთის სხვა ძალებთან ურთიერთთანამშრომლობის გაუმჯობესების გზით, ასევე მდგრადი თავდაცვის რეფორმების განხორციელების საშუალებით.
დოკუმენტის თანახმად, დაფინანსება ხელს შეუწყობს აღჭურვილობის მიწოდებას და წვრთნებს, მათ შორის ტაქტიკური აღჭურვილობის მიღებას დაზვერვისთვის და დაკვირვებისთვის, ასევე მეთაურობას და კონტროლს.
აშშ-ის 2021 წლის ბიუჯეტის კანონპროექტში დაფინანსების პრიორიტეტულ მიმღებებად დასახელებულია: საქართველო, უკრაინა, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, რომლებიც დოკუმენტში ფრონტის ხაზის ქვეყნებად არის მოხსენიებული.
„უცხოური სამხედრო დაფინანსების რეგიონული სახსრების ნაწილი გამოყენებული იქნება ევროპული რეკაპიტალიზაციის სტიმულირების პროგრამის გასაფართოებლად, რომელიც ხაზს უსვამს ტვირთის გაზიარებას აშშ-ის მიერ საგრანტო სამხედრო დახმარების სტიმულირებას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ჩადებენ ეროვნულ სახსრებს თავიანთი სამხედროების მოდერნიზაციისა და რუსული აღჭურვილობის თავიდან მოშორებისთვის. დეპარტამენტი თავდაცვის დეპარტამენტთან იმუშავებს პოტენციურ ქვეყნებზე“, – აღნიშნულია დოკუმენტში.