აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სანქციები დაუწესა რუსეთის სახელმწიფო კომპანია „როსნეფტის“ კიდევ ერთ შვილობილ შვეიცარიულ კომპანია TNK Trading International-ს ვენესუელის ნავთობით ვაჭრობის გამო.
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ ეს ზომა აუცილებელია მათთვის, „ვინც მხარს უჭერს კორუმპირებულ რეჟიმს, გამოიყენოს ვენესუელის ნავთობი აქტივების მისაღებად“, - განაცხადა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა, სტივენ მნუჩინმა.
აშშ-მა უკვე გაყინა TTI-ის როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირების კუთვნილი აქტივები აშშ-ში, ხოლო ყოველგვარი ოპერაციები უნდა შეწყდეს 20 მაისისთვის.
ერთი თვის წინ ვაშინგტონმა სანქციები დაუწესა ასევე შვეიცარიულ კომპანია Rosneft Trading-ს (კომპანია „როსნეფტის“ სატრეიდინგო კომპანიას) და „როსნეფტის“ ვიცე-პრეზიდენტ დიდიე კასიმიროს. ისინი სანქციათა სიაში აღმოჩნდნენ ვენესუელის ხელისუფლებასთან კავშირის გამო.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო დარწმუნებულია, რომ „როსნეფტის“ შვილობილი კომპანიების მიმართ დაწესებული სანქციები გააძლიერებს ნიკოლას მადუროს რეჟიმის იზოლაციას და აიძულებს მას, დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან.
„რადიო თავისუფლება“