აშშ-მა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას (WHO) განუცხადა, რომ შეუერთდება COVAX-ის ალიანსს, რომლის მიზანია ღარიბი ქვეყნებისთვის კორონავირუსის ვაქცინის მიწოდება.
პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მთავარმა სამედიცინო მრჩეველმა, ენტონი ფაუჩიმ, დაადასტურა WHO-ის აღმასრულებელი საბჭოსთვის 21 იანვარს გაგზავნილ წერილში, რომ აშშ დარჩება გაეროს ამ უწყების შემადგენლობაში და დანარჩენ 193 წევრთან ითანამშრომლებს COVID-19-ისა და აივ/შიდსის მსგავს პრობლემებზე.
ფაუჩიმ WHO-ს უთხრა, რომ ბაიდენი საგანგებო წერილს გაუგზავნის უწყებას მასთან თანამშრომლობის თაობაზე.
ბაიდენმა 20 იანვარს, ოვალურ ოფისში მუშაობის დაწყებიდან ცოტა ხანში მოაწერა ხელი აღმასრულებელ ბრძანებულებას WHO-ის შემადგენლობაში აშშ-ის დატოვების შესახებ.
ფაუჩის თქმით, „აშშ შეასრულებს თავის ფინანსურ ვალდებულებებს“ WHO-ის მიმართ.
ბაიდენის წინამორბედმა დონალდ ტრამპმა დაფინანსება შეუწყვიტა WHO-ს, რომლის ყველაზე დიდი დონორი აშშ-ა. ამავე დროს ტრამპმა განაცხადა, რომ 2021 წლის ივლისში ქვეყანას გაიყვანდა გაეროს ამ უწყების შემადგენლობიდან.
www.radiotavisupleba.ge