აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ როგორც მინიმუმ სანქციების 2 პაკეტი - „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს და მისი ოპერატორი-კომპანიის გენერალური დირექტორის მატიას ვარინგის წინააღმდეგ - დაამტკიცა - იტყობინება საიტი Politico.
თუმცა, ეს შეზღუდვები ჯერ ძალაში არ შესულა და ამ დროისთვის თეთრი სახლი კონსულტაციებს აწარმოებს ახალი სპეცწარმომადგენლის დანიშვნის თაობაზე - სწორედ მას მოუწევს რუსული გაზსადენის წინაამღდეგ საერთაშორისო ძალისხმევის კოორდინირება.
სავარაუდოდ, ამ პოსტზე დაინიშნება ამოს ხოხშტეინი, რომელიც ობამას ადმინისტრაციაში ენერგეტიკის საკითხებში მრჩეველი იყო.
მის მოვალეობაში „დელიკატური ამოცანების“ შესრულება შევა - კერძოდ, გერმანიასთან მოლაპარაკებების წარმოება იმისთვის, რომ გაზსადენის მშენებლობაც შეწყდეს და ამავე დროს ბერლინიც არ გაბრაზდეს.
ეს დანიშვნა ვაშინგტონის ახალ სტრატეგიულ მიზანს აჩვენებს - თუ ტრამპის დროს გაზსადენის საკითხზე აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭოს და სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალისტები მუშაობდნენ, ამჯერად ადმინისტრაცია თვლის, რომ ამ საკითხს მეტი კონცენტრირებული ყურადღება სჭირდება.
თუმცა, ზოგიერთი ამერიკელი მაღალჩინოსანი მიიჩნევს, რომ სპეცწარმომადგენლის დანიშვნა კონტრპროდუქტიულია და ახალი სანქციების მიღებას ხელს შეუშლის.
2021 წლის თებერვალში რუსეთმა განაგრძო გაზსადენის მშენებლობა, რომელიც უკვე 95%-ით დასრულებულია. გაზსადენის პროექტის ბოლომდე მიყვანას ხელი ამერიკულმა სანქციებმა შეუშალა.
პირველი შეზღუდვები მიღებულ იქნა 2019 წლის დეკემბერში და მას შემდეგ არაერთხელ გაფართოვდა.
თუმცა, თებერვალში ბაიდენის ადმინისტრაციამ გაზსადენის წინააღმდეგ ახალი სანქციები, მოლოდინების მიუხედავად, არ დააწესა.
Bloomberg-ის ინფორმაციით, ამ შეყოვნების მიზეზი ისაა, რომ ჯო ბაიდენს გერმანიასთან ურთიერთობების გაფუჭება არ სურს და ის ცდილობს „ჩრდილოეთ ნაკადი-2“ ისე შეაჩეროს, რომ ამან ბერლინის უკმაყოფილება არ გამოიწვიოს.
Politico.com
თენგიზ აბლოთია