აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, მალარიისა და ართრიტის წინააღმდეგ მედიკამენტმა, „ჰიდროქსილქლოროკინმა“ კორონავირუსის წინააღმდეგ შესანიშნავი შედეგები აჩვენა.
მისი თქმით, „ჰიდროქსილქლოროკინი“ დაუყოვნებლივ იქნება ხელმისაწვდომი კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტებისთვის ექიმის დანიშნულებით. დონალდ ტრამპის განმარტებით, აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ზედამხედველობის სამსახურმა ამ მედიკამენტის გამოყენების ნებართვა გასცა.
ამასთან, მისივე თქმით, პრეპარატი თავდაპირველად გამოიყენება დამხმარე დანიშნულებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ექიმებს შეუძლიათ მოითხოვონ ამ ექსპერიმენტული პრეპარატის გამოყენება პაციენტებზე, ხოლო შემდეგ სურსათისა და მედიკამენტების ზედამხედველობის სამსახური შეძლებს შეაგროვოს მონაცემები მისი უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge