აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 31 მარტს გამოაცხადებს მულტი-ტრილიონი დოლარის მოცულობის საინფრასტრუქტურო ხარჯვით გეგმას, რაც გზას გაუხსნის საკანონმდებლო ბრძოლას და პოლიტიკურ დაპირისპირებას მისი დაფინანსების თაობაზე.
თავისი ამბიციური ხედვის დეტალებზე სასაუბროდ ბაიდენი პიტცბურგში ჩავა. გეგმა სახელწოდებით „უკეთ ავაშენოთ უკან“ ითვალისწინებს ქვეყნის მოძველებული ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციას. გზების, ხიდების და აეროპორტების გარდა, გეგმა ეხება ინვესტიციებს ქსელური გადაცემის სისტემებში, ელექტროსისტემებში, წყლის სისტემებში და ეკონომიკის „გამწვანებაში“, კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის მიზნით. მოელიან, რომ ბაიდენი ასევე გამოვა მოწოდებით მეტი ინვესტიცია განხორციელდეს ადგილობრივ წარმოებაში, მიწოდების ქსელებში, კვლევებში და განვითარებაში, რათა აშშ-მა შეინარჩუნოს კონკურენტული პოზიცია ჩინეთთან მიმართებით.
ეკონომიკის საკითხებში თეთრი სახლის ერთ-ერთმა წამყვანმა სპეციალისტმა, ბრაიან დისმა კონგრესში დემოკრატებს 30 მარტს უთხრა, რომ პაკეტი რვა წლის განმავლობაში 2 ტრილიონი დოლარის დახარჯვას გაითვალისწინებს.
რამდენიმე დღეში ადმინისტრაცია წარადგენს მულტი-ტრილიონი დოლარისგან შემდგარ კიდევ ერთ პაკეტს, რომლის სამიზნე იქნება სოციალური პრიორიტეტები - ჯანდაცვა, განათლება და ბავშვებზე ზრუნვა.
უზარმაზარი ფასი, რომელიც ერთობლივად 3-4 ტრილიონი დოლარის ფარგლებში იქნება, თვეების განმავლობაში გამოიწვევს ბრძოლას საკანონმდებლო ორგანოში და პოლიტიკურ ველზე.
მოელიან, რომ ბაიდენი გამოვა კორპორაციებისთვის და მდიდრებისთვის გადასახადების მომატების მოწოდებით, მისი ეკონომიკური ინიციატივების დასაფინანსებლად. რესპუბლიკელები უკვე მიანიშნებენ, რომ პაკეტი ძალიან ძვირი ღირს.
www.radiotavisupleba.ge