ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს ვიცე–პრემიერმა ლუ ხემ სავაჭრო მოლაპარაკებებში აშშ–ის წარმომადგენელთან რობერტ ლაიტჰაიზერთან და ამერიკის ფინანსთა მინისტრთან სტივენ მნუჩინთან სატელეფონო საუბარი გამართა, რომელზეც მხარეებმა ჩინეთ–ამერიკის სავაჭრო გარიგების პირველი ფაზის რეალიზაციის საკითხები განიხილეს.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ ყველა პირობას შექმნიან მისი რეალიზაციისთვის, - ინფორმაციას ჩინეთის ცენტრალური ტელევიზია ავრცელებს.
„მხარეები შეთანხმდნენ, ყველა პირობა და სათანადო ატმოსფერო შექმნან ჩინეთ–ამერიკის სავაჭრო გარიგების პირველი ფაზის რეალიზებისთვის“, – იუწყება ჩინური ტელეარხი.
აშშ–ჩინეთს შორის „სავაჭრო ომი“ სატარიფო ბარიერების აღმართვით, 2016 წელს, ტრამპის წინასაარჩევნო დაპირებების ჭრილში გამოიკვეთა, რომლის შესრულებასაც 45-ე პრეზიდენტი 2018 წლიდან შეუდგა. მან ტრანსწყნაროკეანური თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ამოქმედებამდე ჩაშალა, გაურკვეველი ვადით გადადო მსგავსი შეთანხმების გაფორმება ევროკავშირთან. კანადასთან და მექსიკასთან დადებულ შეთანხმებაში NAFTA შესწორებები შეიტანა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ფოლადის იმპორტზე 25%-იანი, ხოლო ალუმინზე 10%-იანი ტარიფი დააწესა, თუმცა სატარიფო ომი ყველაზე დიდი მოცულობით ჩინეთს შეეხო, რა დროსაც იმპორტის გადასახადი $200 მლრდ-ის ღირებულების პროდუქციაზე გაიზარდა, რაც, იმ დროისთვის, ჩინეთის აშშ-ში ექსპორტის 40%-ს შეადგენდა.
gbc.ge