აშშ და ჩინეთი კლიმატის დასაცავად თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. შეთანხმებას შანხაიში გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა კლიმატის საკითხებში ჯონ კერიმ და მისმა ჩინელმა კოლეგამ სი ჟენხუამ მიაღწიეს. ამის შესახებ AFP წერს.
გამოცემის ინფორმაციით, კერი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პირველი წარმომადგენელია, რომელიც ჩინეთს ესტუმრა. ვიზიტის მიზანი კლიმატის შესახებ ვირტუალური სამიტისთვის მომზადებაა, რომელიც 22-23 აპრილს გაიმართება. სამიტზე ჩინეთის ლიდერი, სი ძინპინია დაპატიჟებული.
„ორი ქვეყანა მზად არის ერთმანეთთან და სხვა სახელმწიფოებთან თანამშრომლობისთვის კლიმატური კრიზისის დასაძლევად. ამ საკითხს სათანადო სერიოზულობით მივუდგებით“, - ნათქვამია შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში.
imedinews.ge