ევროკავშირის ქვეყნებმა აშშ-ჩინეთის სავაჭრო შეთანხმების პირველი ფაზის გამო შესაძლოა 11 მილიარდი დოლარი დაკარგონ. ამის შესახებ კილის უნივერსიტეტის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაშია ნათქვამი.
„შეთანხმების პირველი ფაზა ევროკავშირში წარმოებული საქონლის ექსპორტზე ნეგატიურად აისახება. ზარალმა შესაძლოა 11 მილიარდ დოლარს მიაღწიოს“, - აღნიშნულია კვლევაში.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ყველაზე მეტად ეს შეთანხმება გერმანიას, კერძოდ კი თვითმფრინავებისა და ავტომობილების მწარმოებელ გერმანულ კომპანიებს დააზარალებს. დასკვნის ავტორების ვარაუდით, 2021 წელს აშშ-დან ჩინეთში გარკვეული პროდუქციის ექსპორტი ე.წ. სავაჭრო ომის დაწყებამდე დაფიქსირებულ 2017 წლის მაჩვენებელთან 95 მილიარდი დოლარით გაიზრდება.
აშშ-მა და ჩინეთმა სავაჭრო შეთანხმება 15 იანვარს გააფორმეს. ახალი შეთანხმება მოლაპარაკებების პირველ ფაზას აჯამებს. მდგომარეობის განმუხტვაზე მუშაობა მეორე ფაზის ფარგლებში გაგრძელდება. აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო ომი 2018 წლიდან მიმდინარეობს.
წყარო: imedinews