არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჰაბ ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე არ გამორიცხავს, რომ თიბისი ბანკის წინააღმდეგ მიმდინარე საგამოძიებო პროცესი ანაკლიის პორტის მშენებლობას უკავშირდებოდეს.
,,თიბისი ბანკსა და მამუკა ხაზარაძეზე სახელმწიფოს მხრიდან ერთგვარი თავდასხმა გარკვეულ კითხვებს აჩენს, სწორედ თიბისი ბანკია ,,ანაკლიის კონსორციუმის“ დამფუძნებელი, რომელიც საქართველოსათვის უმნიშვნელოვანეს პროექტს ახორციელებს. ანაკლიის პორტი არის საუკუნის მშენებლობა, რომელმაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და სატრანზიტო პოტენციალის აამაღლება უნდა უზრუნველყოს“, - განაცხადა ურუშაძემ bm.ge-თან საუბრისას.
მისი თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის რუსეთის ინტერესებთან.
„ჩვენ პირდაპირ კონკურენციაში შევდივართ რუსეთთან იმ ტვირთებთან მიმართებაში, რომელიც შუა აზიიდან და ჩინეთიდან მომავალში იმოძრავებს. საქართველოს სახელმწიფო კი, გამოდის და პირდაპირ ბრძოლას უცხადებს ფინანსურ ინსტიტუტს, რომელიც ამ პროექტს ახორციელებს. ეს პირდაპირ დარტყმას აყენებს პროექტის მდგრადობას და შესაძლოა გავლენა მოახდინოს ინვესტორებზე“, - განაცხადა ურუშაძემ.
არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელს ეჭვების გამოთქმის საფუძველს ხელისუფლების ქმედებები აძლევს, რომელსაც მისი თქმით, ის ლოგისტიკურ სფეროში დგამს.
,,ჩვენ ვხედავთ, რომ სახელმწიფო მის ხელთ არსებული ბერკეტების გამოყენებით სხვადასხვა იტერესებს ატარებს. ამის მაგალითია თუნდაც რკინიგზა, სადაც ხელოვნურად ხდება მონოპოლიების შექმნა და ბარიერების აღმართვა, რომ საქართველოს სატრანსპორტო დერეფანი არ იყოს მიმზიდველი და კონკურენტუნარიანი. ეს ნაბიჯები აჩენს საფუძვლიან ეჭვს“, - აღნიშნა ურუშაძემ.