რადიო „კომერსანტის“ საახალწლო ეთერში „არდი დაზღვევის“ აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ჯაფარიძემ 2019 წელი შეაჯამა და 2020 წლის გეგმებზე ისაუბრა. მისი თქმით, კომპანიის მომხმარებელთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება და 2020 წლის პირველი კვარტლიდან „არდი დაზღვევა“ მომხმარებელს ბევრ სიახლეს შესთავაზებს.
„2019 წელი კარგი წელი იყო ალბათ ბევრი კომპანიისთვის. იყო გამოწვევებიც, წარმატებებიც. ფაქტობრივად, მთელი წელი ვემზადებოდით 2020 წლისთვის, პირველი კვარტლიდან შევძლებთ ბევრი ახალი სიახლის შეთავაზებას ჩვენი მომხმარებლისთვის. ვისურვებდი,რომ 2020 წელს ყველა ჩვენი ჩანაფიქრი,რომელიც უკავშირდება,როგორც ტექნოლოგიურ, ისე მარკეტინგულ სიახლეებს, განხორციელებულიყოს. წლიდან წლამდე, თითქმის ყოველდღიურად იზრდება ჩვენი მომხმარებლების რაოდენობა, გვინდა რომ ტემპი უკეთესი იყოს. სადაზღვევო ინდუსტრიას განვითარების დიდი პოტენციალი აქვს და ბევრი სხვა კომპონენტი განაპირობებს მის აქტივობას,“- ამბობს მიხეილ ჯაფარიძე. მისი განცხადებით, საზოგადოება, ჯერ კიდევ, ვერ ითავისებს სადაზღვევო პროდუქტების საჭიროებას.
„2019 წელი მარტივი წელი არ ყოფილა. ბევრი გამოწვევა ჰქონდა ქვეყნის ეკონომიკას და ჩვენც,როგორც ბიზნესი ვცდილობდით, ამ ყველაფერს მოვრგებოდით და გვემოქმედა შესაბამისად. დაზღვევა ისევ რჩება პასიური მოთხოვნის პროდუქტად, საზოგადოება ვერ ითავისებს მის საჭიროებას, ისე როგორც, მაგალითად, პლასტიკური ბარათისას,“- ამბობს მიხეილ ჯაფარიძე. მისი თქმით, კომპანია საახალწლოდ აქტიურად ემზადება. „არდი დაზღვევას“,როგორც მომხმარებლებს, ისე კომპანიის თანამშრომლებს სხვადასხვა სასიამოვნო სიახლეს უმზადებს.
„ჩვენ გვაქვს,როგორც გარე, ისე შიდა კორპორაციული ტრადიციები. გარე საახალწლო ტრადიციები უკავშირდება აქციებს მომხმარებელისთვის,რომელიც გამოხატულია სხვადასხვა ფორმით არაერთ პროდუქტთან მიმართებაში. შიდა კოპორაციულ ტრადიციებს რაც შეეხება, გვაქვს სეკრეტ სანტა და თანამშრომლებისთვის წამახალისებელი საჩუქრები,“- ამბობს მიხეილ ჯაფარიძე.