რადიკალური ოპოზიციის მუდმივი მცდელობა, პოლიტპატიმრებად და პოლიტდევნილებად წარმოაჩინონ სააკაშვილი, მერაბიშვილი, ახალაია, ადეიშვილი, უგულავა, ოქრუაშვილი, რურუა და სხვები, სრულიად მიუღებელია ქართული საზოგადოებისთვის, რომელიც კარგად არის გათვითცნობიერებული ამ ადამიანების კრიმინალურ წარსულსა და აწმყოში,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯრომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია სპეკულაციებისთვის იყენებს იმას, რომ შეთანხმებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები არ იყო საჯარო და რომ დიპლომატიური წესები ელჩებისგან დახურული შეხვედრების შინაარსის გასაჯაროებისგან მაქსიმალურ თავშეკავებას მოითხოვს.
პარლამენტის თავმჯდომარე შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ელჩების ძალისხმევით მიღებული შედეგი, რადიკალური ოპოზიციის უპასუხისმგებლობის გამო საფრთხის ქვეშ შეიძლება დადგეს.
,,რადიკალური ოპოზიცია სარგებლობს იმით, რომ შეთანხმებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები არ იყო საჯარო, აგრეთვე იმით, რომ დიპლომატიური წესები ელჩებისგან დახურული შეხვედრების შინაარსის გასაჯაროებისგან მაქსიმალურ თავშეკავებას მოითხოვს და სწორედ ამ ფაქტორს იყენებს სპეკულირებისთვის. ამ სპეკულაციებით, რომელსაც არავითარი საფუძველი არა აქვს, დაიღალა საზოგადოება და დაიღალნენ ჩვენი უცხოელი მეგობრები. ფასილიტატორმა ელჩებმა მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებაში ფასდაუდებელი და გადამწყვეტი როლი შეასრულეს. ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მადლიერებას მათი ძალისხმევისა და მხარდაჭერის გამო, რამაც საქართველოში პირველად გახადა შესაძლებელი არჩევნების იმგვარი სისტემით ჩატარება, რომელიც პოლიტიკური პარტიების სრულ კონსენსუსს ეფუძნება. შემაშფოთებელია, რომ ელჩების ძალისხმევით მიღებული ეს შედეგი რადიკალური ოპოზიციის უპასუხისმგებლობის გამო საფრთხის ქვეშ შეიძლება დადგეს. შესაბამისად, ყოველგვარი სპეკულაციების დასასრულებლად და შეთანხმების შესრულების უზრუნველსაყოფად, ვთხოვთ მოლაპარაკების ფასილიტატორ ელჩებს, ნათელი მოფინონ შეთანხმების შინაარსს. კერძოდ, ვთხოვთ მათ, საჯაროდ დაადასტურონ, რომ ხელმოწერილი შეთანხმებით ჩვენ არ აგვიღია პრეზიდენტისთვის, სასამართლოსა და პროკურატურისთვის უკანონო დავალებების მიცემის და უგულავას, ოქრუაშვილისა და რურუას გათავისუფლების ვალდებულება. ასევე, ვთხოვთ მათ, ობიექტურად შეაფასონ თითოეული ხელმომწერის როლი საარჩევნო სისტემის შესახებ შეთანხმების აღსრულების პროცესში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.